„ნაცებმა“ აჩვენეს, რომ არაფერს ინანიებენ, რაც ჩადენილი აქვთ – მათ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება რომ ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე იმ ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი პარტიები აჩვენებენ, თუ რა უსუსურ მდგომარეობაში არიან.
„ძალიან კარგია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა საჯაროდ მიმდინარეობს. საზოგადოება თავისი თვალით უყურებს იმ უტიფრობას, რასაც „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი პარტიები აჩვენებენ. ისინი აჩვენებენ, თუ რა უსუსურ მდგომარეობაში არიან. ჩვენს სარჩელს აბსოლუტურად ვერაფერს უპირისპირებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ სამარცხვინოდ აცხადებს, რომ თურმე, მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებებს არ იღებდა, როდესაც „ნაცების“ თავმჯდომარე იყო. სამარცხვინოდ აცხადებენ, თითქოს, ადეიშვილი და მერაბიშვილი „ნაცების“ პარტიული წევრები საერთოდ არ იყვნენ. მსგავსი აბსურდები კიდევ უფრო ამყარებს იმ სარჩელს, რაც ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი. „ნაცებმა“ ანახეს, რომ არაფერს ინანიებენ, რაც ჩადენილი აქვთ. მათ რომ საშუალება ჰქონდეთ, ერთი გრამი ძალაუფლება რომ ხელში ჩაიგდონ, იმაზე გაცილებით უარესს გააკეთებენ, ვიდრე იმ ცხრა წლის განმავლობაში დაატრიალეს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.










