საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა ამერიკული დელეგაცია მიიღო. სტუმრებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები, პროფესორ მასწავლებლები და სტუდენტები შეხვდნენ.
კენტუკის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში , ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი მიესალმა.

მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ ამერიკასთან პარტნიორული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის, ასევე უნივერსიტეტისათვის.
,,ძალიან დიდი საქმე კეთდება ამ ჩვენი თანამშრომლობით, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი პარტნიორობა უკვე შედგა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკულ მხარესთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია საქართველოსი და ყველაზე ძლიერი სტრატეგიული პარტნიორია.
ჩვენ, ახლა გზაგასაყარზე ვართ, მთელი მსოფლიო გზაგასაყარზეა. ვხედავთ, დიდი არჩევანი კაცობრიობას არა აქვს, მე ვგულისხმობ იმ საშინელ ომს , რომელიც მიმდინარეობს უკრაინის ტერიტორიაზე და ვხედავთ, რომ ამ ომის განვრცობა არ შეიძლება. იმ დღეში, მსოფლიოში არც ერთი ერი არ უნდა ჩავარდეს, რა დღეშიც უკრაინელები არიან.
იმედია, დასრულდება ეს ომი და ყველა ქვეყანა მზად უნდა იყოს შემდგომი მშვიდობისათვის.
ამერიკა ძალიან ძლიერი ქვეყანა და ძლიერი მოთამაშეა მსოფლიოში, ამიტომ მასთან თანასწორული პარტნიორული ურთიერთობა ძალიან კარგია ნებისმიერი ქვეყნისათვის.
ჩვენი ქვეყანა კი 30 წელზე მეტია საბჭოთა იმპერიის შემადგენლობიდან გამოვიდა, რუსული იმპერიის შემადგენლობიდან, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა, ამიტომ ძალიან მძიმედ ვრეაგირებთ, როცა გარედან ჭკუის სწავლებას გვიწყებენ. ასოციაცია ჩნდება, რომ რუსეთი ახალი სახით გველაპარაკება, ევროპიდან, თუ საიდანაც არ უნდა მოდიოდეს.
საქართველოს უნდა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ღირსეული წევრი იყოს და ჩვენი წვლილი შევიტანოთ მსოფლიო თანამეგობრობის განვითარებაში. ამიტომ ჩვენთვის აუცილებელია, არც ერთ პროცესში არ ჩამოვრჩეთ წარმატებულ სამყაროს.
ამიტომ კიბერუსაფრთხოების ეს პროგრამა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ბედნიერი ვარ იმით, რომ ეს პროგრამა ნომერ პირველია, როგორც ამერიკაში, ასევე მსოფლიოში და დოქტორებო და პროფესორებო, ძალიან გვიხარია თქვენთან შეხვედრა”

მეუფე იაკობმა ასევე არნიშნა: ,, იცით ჩვენი პატრიარქის, ჩვენი ეკლესიის და ჩემი გადაწყვეტილება, რომ ეკლესია არის ამ პროგრამის ინვესტორი, ინვესტიციას ვდებთ საქართველოს მომავალში. ამით ჩვენ პოლიტიკურ პარტიებს, ორგანიზაციებს, ინსტიტუტებს მოვუწოდებთ, ჩვენი მაგალითი გადაიღონ და გვექნება ნაკლები პოლარიზაცია ყველგან.
პოლარიზებულია მთელი სამყარო, არავის გვაკლია ეს პოლარიზება და ვისურვებდი დროზე დამთავრებულიყოს. გმადლობთ.”- განაცხადა მეუფე იაკობმა
ამერიკელმა სტუმრებმა მასპინძლობისათვის მადლიერება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ წინ ორმხრივად სასარგებლო და საინტერესო დღეები ელით.
ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის კოლეჯის დეკანმა, კომპიუტერულ მეცნიერებათა პროფესორმა კევინ კირბმა მეუფე იაკობს პარტნიორი უნივერსიტეტის პრეზიდენტისგან პატივისცემა და მადლიერება გადასცა და პროგრამის პირველი ნაკადის სტუდენტების წარმატებების შესახებ ისაუბრა:
,, ძალიან მიხარია იმის დანახვა, რომ ჩვენი უნივერსიტეტი დაინტერესებულია და ვხედავთ, თუ როგორ იზრდება დამოკიდებულება ამ პარტნიორობისადმი. მიხარია, რომ ჩვენი პროგრამა უკვე დაიწყო ბიზნეს ინფორმატიკით, აქ ახსენეს , თუ რამდენად ძლიერია კიბერ უსაფრთხოების პირველი ნაკადი და გაოცებულები ვართ.

მიხარია, რომ იწყება ჩვენი ვორქშოფები და სტუდენტებს პირისპირ შევხვდებით და ჩვენც გელოდებით ოქტომბერში. მიხარია, რომ ახალი ადამიანები ჩამოვიყვანე, მიხარია, რომ ესენიც განიცდიან იმ ემოციებს, რაც მე განვიცადე. ” -განაცხადა კევინ კირბმა.
,,მიხარია თქვენგან ამის მოსმენა”-იყო მეუფე იაკობის პასუხი და თან დასძინა – ,, ძალიან ძლიერები არიან ჩვენი სტუდენტები”.
მეუფე იაკობმა სტუმრებს არასამუშაო დროის დაგეგმვაში მონაწილეობა შესთავაზა.
ასევე აღნიშნეს, რომ კენტუკის უნივერსიტეტში, ხელმძღვანელთან და თარჯიმანთან ერთად, კიბერუსაფრთხოების10 სტუდენტი გაემგზავრება. მეუფე იაკობი კი, უნივერსიტეტის პროგრამის მონაწილეებს, ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ შეუერთდება.










