„საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია“ – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა ბაია ბიტაძემ გელათში ვიზიტის დროს განაცხადა.
ინფორმაცას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
კულტურის მინისტრს მაია ბითაძეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამა კირიონმა გააცნო.
„უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტს და პირადად მამა კირიონს იმ უდიდესი საქმისა და პასუხისმგებლობისთვის, რომელიც იტვირთეს. დროებითი კომიტეტი ხელმძღვანელობს ჩვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლის – გელათის რეაბილიტაციას“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საპატრიარქოს, სახელმწიფოს, საერთაშორისო ექსპერტებისა და ქართველი სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად, გელათის მთავარი ტაძრის მდგომარეობა სტაბილურია. წლების განმავლობაში ტაძარს წყალი და ტენი აზიანებდა. დღეს მას ერთიანი დროებითი გადახურვა და დროებითი სადრენაჟო სისტემა იცავს. მხატვრობის ყველა კრიტიკული უბანი გამაგრებულია, მოზაიკა სტაბილურია. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს ტაძრის სტრუქტურებისა და გარემო პირობების მუდმივი მონიტორინგი. პირველადი გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები შესრულებულია.
„ახლა მიმდინარეობს გელათის სამონასტრო კომპლექსის ეტაპობრივი აღდგენა. სახელმწიფო ამ პროცესს აფინანსებს, სამუშაოები კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვით სრულდება. ისინი მიმდინარეობს ჰოლისტიკური საკონსერვაციო გეგმის მიხედვით, რომელიც წამყვანმა საერთაშორისო ექსპერტებმა შეიმუშავეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მრჩეველი ორგანოების რეკომენდაციების შესაბამისად. ყველა ძირითად მიმართულებაში ჩართული არიან საერთაშორისო ექსპერტები და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები არაერთი ქვეყნიდან.
ჩვენი მთავარი მიზანია, გელათის მონასტერს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, რწმენისა და ეროვნული თვითმყოფადობის სიმბოლოს, მრავალსაუკუნოვანი მომავალი ჰქონდეს“, – განაცხადა მაია ბითაძემ.
მინისტრთან ერთად, გელათის სამონასტრო კომპლექსში იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, პარლამენტის წევრი, დელეგატი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი) ზაზა ლომინაძე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, უფროსის პირველი მოადგილე თეა ონიანი და კულტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.










