კულტურის მინისტრი მაია ბითაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი ქუთაისის ნიკო ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
მუზეუმის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობებისა და ინფრასტრუქტურული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მათ მუზეუმის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ნონა ქარციძემ გააცნო.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მუზეუმის ინფრასტრუქტურის განახლების, სამუზეუმო ფონდების დაცვის, საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე.
მუზეუმის განახლების პროექტის ფარგლებში, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაგეგმილია 452.12 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები.
სამუშაოების განხორციელების შედეგად, განახლდება მუზეუმის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, რაც უზრუნველყოფს უნიკალური ისტორიული ექსპონატების საიმედო დაცვას, კონსერვაციასა და შენარჩუნებას თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების შესაბამისად.
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა. მის ფონდებში დაცულია 230 ათასზე მეტი სამუზეუმო არტეფაქტი, მათ შორის არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური კოლექციები, უძველესი ქართული ხელნაწერები, ძველნაბეჭდი წიგნები და ხელოვნების უნიკალური ნიმუშები.
მუზეუმში ასევე იმყოფებოდნენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი დავით ერემეიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დელეგატი (ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში) ზაზა ლომინაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ზაზა კვიციანი, დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი და ინფრასტრუქტურული განვითარებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ტიკურიშვილი.