დღევანდელ საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერები მოქალაქეებს სიტყვით მიმართავდნენ და აჟღერებდნენ მთავარ მოთხოვნას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, გამოჩნდა ტრანსპარანტები წარწერით – „მიშა ჩამოდი“.
ტრანსპარანტები აღნიშნული წარწერით უკვე გახდა სოციალურ ქსელში განხილვის საგანი.
რუსთაველზე აქციებს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად რიგ შემთხვევებში მოძრაობა „სირცხვილია“ უწევს ორგანიზებას, „პრაიმტაიმი“ „სირცხვილიას“ ერთ-ერთ აქტივისტს ნოდარ რუხაძეს დაუკავშირდა.
როგორც რუხაძემ, განგვიმარტა, დღევანდელი აქციის დაგეგმვაში „სირცხვილია“ არ მონაწილეობდა.
„მეც ვნახე ეს წარწერები აქციაზე, „სირცხვილია“ არ მონაწილეობდა ამ აქციის დაგეგმვაში, პოლიტიკური პარტიები აორგანიზებენ მას. ჩვენი აქციები ნანახი გაქვთ, მთელი წლის განმავლობაში ვიდექით ქუჩაში, სხვადასხვა ტრანსპარანტებით, სხვადასხვა მოწოდებებით, ერთი წელი არ გავჩერებულვართ.
ჩვენ მხარს ვუჭერთ პოლიტიკური პარტიების გაერთიანებას და ყველა იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს, მათ მიიღეს მონაწილეობა არჩევნებში და ცხადია აქვთ ლეგიტიმური უფლება გააპროტესტონ ყველა ის უსამართლობა, რასაც ჩათვლიან, რომ უნდა გააპროტესტონ საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად, რადგან პირველ რიგში მართლები უნდა იყვნენ საკუთარ ამომრჩეველთან, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“, ხელისუფლებამ, ბიძინა ივანიშვილმა, თამარ ჟვანიამ და ზოგადად ამ სისტემამ წაართვეს ხმები“, – აღნიშნავს ნოდარ რუხაძე.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება აქციაზე იმ ტრანსპარანტით მივიდეს, რასაც იმ მომეტში სწორად მიიჩნევს.
„მე მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეები განსაკუთრებით კი ის ადამიანები, რომლებიც აქციაზე მივდივართ ჩვენ ვართ სრულად თავისუფლები ხელში გვეკავოს ის ტრანსპარანტები, რომელსაც საჭიროდ ჩავთვლით, რომ უნდა გვეკავოს. არ მიყვარს, როცა პროტესტის გამოხატვის აქტში ადამიანებს ვინმე ზღუდავს, რადგან მე ვიცი როცა ხელისუფლება მზღუდავს ჩემს თავისუფლებაში და პირადად მე არასოდეს არ ჩავერევი იმაში სხვამ რა ტრანსპარანტი უნდა დაიკავოს ხელში. გამოხატვის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, აზრის თავისუფლება დემოკრატიულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ ამიტომ ყველამ უნდა დაიკავოს ხელში ის წარწერა, რასაც იმ მომენტში თვლის, რომ არის სწორი, არ აქვს მნიშვნელობა ამას მე პირადად ვეთანხმები თუ არა.
სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა მოქალაქე თავისუფალია პროტესტის საკუთარ ფორმაში როგორ გამოხატავს ამ პროტესტს, რას დაიწერს საკუთარ ბანერზე ამაში ყველა უნდა იყოს თავისუფალი. თუმცა ცხადია ჩვენ გვაქვს იმის უფლება ეს მოგვეწონოს თუ არ მოგვეწონოს.
მეც ძალიან ბევრი რამ მეწერა პლაკატებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სასაცილო პლაკატები მქონდა ხელში, ყველას სხვადასხვა ფორმა აქვს გაპროტესტების“, – ამბობს რუხაძე.
წყარო: Primetime.ge










