ირაკლი ღარიბაშვილის ახალი წერილი დღეს იქნება – ამის შესახებ “ტვ პირველს” ექს-პრემიერის ცოლის დამ, ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა უთხრა.
თამაზაშვილმა რუსთავის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა.
“დღეს იქნება მისი განცხადება დღის ბოლომდე და მის პოზიციას გაიგებთ განცხადებიდან”, – განაცხადა ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა.
ცნობისთვის, ექს-პრემიერი, რომელიც ციხიდან ალაპარაკებას აანონსებდა, დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დაესწრო – მედიასთან კომენტარი არ გააკეთა არც მისმა ადვოკატმა მიშა შაყულაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ ახალი კორუფციული ბრალი წარუდგინეს – საქმე ჯარის ძარცვის საქმეზე დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ეხება.
პროკურატურა ამბობს, რომ გამოძიებასთან თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ნათესავმა, მსჯავრდებულმა ვასილ მხეიძემ ითანამშრომლეს.
გამოძიების თანახმად, ჯარის ძარცვიდან მიღებულ ქრთამს ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილ პრემიერთან იყოფდა. საუბარია 1 500 000 ლარზე, რომლის ნახევარი ქრთამის სახით თავად დაიტოვა ბურჭულაძემ, ნახევარი კი ირაკლი ღარიბაშვილს რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა.
ახალი კორიფციული ბრალი, რომელიც ღარიბაშვილს წარედგინა 11-15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ცნობისთვის, “შაბათის ეთერის” გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ირაკლი ღარიბაშვილის გვარი ჯარის ძარცვის საქმეში ერთი წლის წინ იპოვეს, მას ხელი ბიზნესმენმა ზურა ტუკვაძემ დაადო, რომელიც ნუნუკა თამაზაშვილის ნათესავის ყოფილი ქმარია.









