დღევანდელი დღე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის გამარჯვების, თავისუფლებისა და პატრიოტიზმის დღეა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“26 მაისი ჩვენი ეროვნული იდენტობის, მრავალსაუკონოვანი კულტურის და თავისუფლებისაკენ სწრაფვის გამოხატულებაა. თავისუფლების იდეა ყოველთვის იყო ის მთავარი საყრდენი, რომელიც აერთიანებდა ყველა პატრიოტს და რომელმაც შესაძლებელი გახადა ჩვენიქვეყნის დამოუკიდებლობა.
მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც თავისი შრომითა და თავდადებით აძლიერებს ჩვენს ქვეყანას.
ვულოცავ ჩვენს ეკლესიას, რომლის ღვაწლი ჩვენი იდენტობის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში განსაკუთრებულია. ქართველ ერს უფლის რწმენა და იმედი ყოველთვის აძლიერებდა თავისუფლებისათვის ბრძოლაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი სამხედროებისათვის. სწორედ მათი თავდადება, პროფესიონალიზმი და ერთგულება იყო, არის და იქნება ჩვენი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის გარანტი. ქვეყანაში თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ისინი ყოველთვის ღირსეულად ატარებენ ქართველი მეომრის მუნდირს.
დღევანდელი დღე განსაკუთრებულია იმ წვევამდელებისათვის, რომლებმაც ფიცი დადეს და სამშობლოს ჯარისკაცები გახდნენ.
ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მრავალი თაობის ბრძოლისა და თავდადების შედეგია. მინდა დღევანდელი დღე მივულოცო ჩვენს გმირ ვეტერანებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს. განსაკუთრებით პატივი მივაგო ყველა იმ გმირს, ვინც თავი გასწირა სამშობლოს თავისუფლებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.










