62 წლის ქალი, რომელსაც ქუთაისში კორონავირუსი დაუდასტურდა და ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გადაიყვანეს, სასწრაფო დახმარების ექიმის დედაა, მისი ძმა კი სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობს – ინფორმაციას „ქრონიკა“ ექსკლუზიურად ავრცელებს. 62 წლის ქალის დაინფიცირების პირველწყაროს და კონტაქტებს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე იკვლევენ.
მედიკოსს უკვე აუღეს ანალიზი და პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი, მანამდე კი სასწრაფო დახმარების ბრიგადა თვითიზოლაციაშია გადასული. ქუთაისის სასწრაფო დახმარების სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელ მაია რუხაძის განცხადებით, ექიმს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არც ერთი სიმპტომი არ აქვს.
ქუთაისში ეს უკვე მეორე ბრიგადაა, რომელიც იზოლაციაში იმყოფება. სასწრაფო დახმარების მედიკოსების ის ჯგუფი, რომელმაც 67 წლის კაცი ცხელების ცენტრში გადაიყვანა, სადაც მას რამდენიმე დღეში კორონავირუსი დაუდასტურდა, ასევე თვითიზოლაციაშია.
საქართველოში კორონავირუსი 188 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 36 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა.
imedinews.ge