პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას ის ადამიანებიც მიიღებენ, რომლებიც კომპანიებმა უხელფასო შვებულებაში გაუშვეს.
როგორც გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რომ სოციალური დახმარების სახით გაცემული მწირი რესურსი ეფექტურად გამოიყენოს.
„ეს დახმარება შეეხება ადამიანებსაც, რომლებიც კომპანიამ უხელფასო შვებულებაში გაუშვა. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის, ფორმალური დასაქმების ნაწილში და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ნაწილში არამხოლოდ საქართველო, მსოფლიო დგას გამოწვევის წინაშე. ამიტომ ჩვენი დახმარების ხასიათიც არის 6-თვიანი, ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ დახმარებას მდგრადი ხასიათი მივცეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო პოპულისტურად გამოვსულიყავით და გვეთქვა, რომ ვეხმარებით ერთჯერადად ამდენით, არა! ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს დახმარება იყოს მდგრადი, ეს არის საუკეთესო პრაქტიკა, საუკეთესო გამოცდილება.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არის იმ აუცილებელის მინიმუმი, რომელიც დღეს ქვეყანას შეუძლია და ყველამ კარგად უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავრობის და თითოეული ჩვენი მოქალაქის პასუხისმგებლობაა, ის მწირი რესურსი, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ იმისთვის, რომ სოციალური დახმარების სახით გავცეთ, პირველ რიგში უნდა გამოვიყენოთ ეფექტურად და სამართლიანად, ეს არის ჩვენი მიდგომა და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად სოციალურად მგრძნობირე ყველა ფენა მოგვეცვა, რა მიზანსაც იმედი მაქვს, რომ მივაღწევთ”, – განაცხადა გახარიამ.