ევროპარლამენტის, ევროკომისიისა და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებმა დაამტკიცეს შეთანხმების ტექსტი, რომელიც ევროკავშირიდან დეპორტაციის პროცესს აჩქარებს და დეპორტირებულთა რაოდენობას ზრდის, ასევე, მიგრანტების დეპორტაციას ბლოკის გარეთ განსაზღვრულ ცენტრებში ითვალისწინებს – ამის შესახებ Politico-ს სტატიას bpn.ge აქვეყნებს.
შეთანხმება ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს მიერ რატიფიცირებას ელოდება, ხოლო ახალი წესები მიგრაციის მასშტაბური რეფორმის ნაწილი გახდება, რომელიც 12 ივნისს შევა ძალაში.
მიგრაციის კომისარ მაგნუს ბრუნერის შეფასებით, ამ შეთანხმებით კონტროლი აღდგება იმ პროცესზე, თუ „ვინ შედის ევროკავშირში და ვინ იქნება იძულებული, წავიდეს.“
Eurostat-ის მონაცემებით, ამჟამად თავშესაფარზე მიგრანტების მხოლოდ 27% იღებს უარს.
იმიგრაციის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივა ავსტრიის, დანიის, გერმანიისა და საბერძნეთის ხელმძღვანელობით ქვეყნების ჯგუფს ეკუთვნის.
დოკუმენტის ძირითადი პუნქტი ბლოკის არაწევრ რვიდან ათამდე ქვეყანაში გახსნილ სპეციალურ ცენტრებში მიგრანტების დეპორტაციას ითვალისწინებს. ეს ევროკავშირის ამ არაწევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე მოხდება, რაზეც მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
Politico-ს ცნობით, მათ შორის პოსთსაბჭოთა ყაზახეთი და უზბეკეთიცაა.
ევროპარლამენტმა დაამატა დებულება, რომელიც „არაღიარებულ მესამე ქვეყნებთან,“ ანუ არადემოკრატიულ რეჟიმებთან მოლაპარაკებების საშუალებას იძლევა. მაგალითად, ავღანელების იძულებითი დაბრუნების მიზნით მოლაპარაკებები შესაძლოა, თალიბებთანაც კი გაიმართოს.
ამასთან, ახალი კანონი დაკავების მაქსიმალურ ვადას ორ წლამდე ზრდის და დაბრუნებული პირებისთვის ევროკავშირში შესვლაზე, პრაქტიკულად, შეუზღუდავ აკრძალვებს აწესებს.
„დაბრუნების შესახებ რეგლამენტი“ მთავარ ინსტრუმენტად ითვლება იმ ადამიანების დეპორტაციის მაჩვენებლის გასაზრდელად, რომლებსაც ევროკავშირში დარჩენის კანონიერი უფლება არ აქვთ.
ევროპარლამენტმა, ასევე, შესვლაზე მუდმივი აკრძალვა შემოიღო პირებისთვის, რომლებიც ევროკავშირის უსაფრთხოებას ემუქრებიან. ასევე, დეპორტირებული მიგრანტებისთვის შესვლაზე აკრძალვის შეუზღუდავი მაქსიმალური ვადა დაწესდა, მაშინ, როცა ევროკავშირის ქვეყნები ევროპარლამენტს 20-წლიან შეზღუდვას სთავაზობდნენ.
ცნობისთვის: საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობით ქვეყნების წამყვან 20-ეულშია. 2025 წელს ევროპაში თავშესაფარი საქართველოს 15 ათასზე მეტმა მოქალაქემ მოითხოვა.










