14 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს, ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდეს. გადაწყვეტილება თელავის რაიონულმა სასამართლომ, რამდენიმე საათის წინ მიიღო.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამაბლოში მცხოვრები, 27 წლის ალიმ ასლანოვი ამ დრომდე მიმალვაშია.
პროკურატურამ საქმეზე შეგროვილი მტკიცებულებები ბრალის წარსადგენად საკმარისად მიიჩნია.
ალიმ ასლანოვმა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი, 14 წლის გოგო ორი თვის წინ მოიტაცა.
არსებული ინფორმაციით, ქორწინებიდან თავის დაღწევის რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ, 6 ოქტომბერს, გოგონამ ქმრის ნათესავის ქორწილის სამზადისის დროს გაქცევა სცადა. ამის გამო ალიმ ასლანოვმა ის ცეცხლსასროლი იარაღიდან სამი გასროლით მოკლა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11’109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მკვლელობას გულისხმობს.









