ორშაბათიდან, 1-ლი ივნისიდან გაიხსნება და მუშაობას შეძლებს ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლებიც, ღია და დახურული ყველა სახის ბაზრობები და ღია სივრცის მქონე რესტორნები.
8 ივნისიდან, შემდეგი ორშაბათიდან, გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა რესტორნებში, რაც ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, იმუშაონ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გაიხსნება ასევე სასტუმროები და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც.
„ეს ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ მუშაობა. 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე კონკრეტული სახის ნებართვა. გაიხსნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც. ეს ნაბიჯები მიღებულია, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.










