ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულ ბიუროში თვლიან, რომ ახალი სასწავლო წლის წინ ყველა ქვეყანაში აუცილებელი ზომები უნდა ჩატარდეს, რათა სკოლები ღია დარჩეს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა ჰანს კლუგემ განაცხადა.
“ვინაიდან მილიონობით ბავშვი ბრუნდება სკოლაში, ჯანმო-ს ებროპის ბიური და გაერო-ს ბავშვთა ფონდი მოუწოდებენ, მიღებულ იქნას ყველა საჭირო ზომა, რათა სკოლები ღია დარჩეს”, – განაცხადა კლუგემ.
მისი თქმით, სკოლების დახურვა აკადემიურ მოსწრებას ამცირებს და ზრდის ალბათობას, რომ ბავშვები სწავლას მიატოვებენ.
“ეს მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. ჩვენი ბავშვები ბოლო 20 თვის განმავლობაში ძალიან დაზარალდნენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც უკვე მოწყვლადი იყო და ციფრული სწავლით სარგებელი ვერ მიიღო”, – აღნიშნა კლუგემ.
კლუგეს თქმით, წინა წლისგან განსხვავებით, ახლა ქვეყნებს უკვე შეუძლიათ, უზრუნველყონ ბავშვების უსაფრთხოება. სკოლების გასახსნელად საჭირო ღონისძიებებს შორის ის ასახელებს მასწავლებლებისა და სკოლის თანამშრომლების, ასევე 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვთა ვაქცინაციას. კლუგეს თქმით, სასკოლო გარემოს გაუმჯობესება სანიტარიისა და ხელების ჰიგიენის, ვენტილაციის, მცირე ზომის კლასების, ფიზიკური დისტანციის, საჭიროების შემთხვევაში, პირბადეებისა და ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირების გზით არის შესაძლებელი.










