“6 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” სასამართლომ მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში “მედიის ადვოკატირების კოალიცია” წერს და დაკავებულ ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებს.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ “ხელისუფლების არცერთ უკანონო გადაწყვეტილებასა და რეპრესიულ ნაბიჯს არ ძალუძს გატეხოს ის ღირებულებები, რომლებსაც მზია და დამოუკიდებელი ქართული მედია ემსახურება”.
6 აგვისტოს ზუსტად ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” სასამართლომ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს, 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრული საქმე და შემდგომ გამოტანილი პოლიტიზებული განაჩენი წარმოადგენს „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირ შედეგს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დამოუკიდებელი, კრიტიკული ხმის ჩახშობა, მედიის დაშინება და სიტყვის თავისუფლების განადგურებაა. მზია ამაღლობელმა საკუთარი პრინციპულობითა და შეუპოვრობით კიდევ ერთხელ გააშიშვლა „ქართული ოცნების“ ავტორიტარული სისტემის რეალური სახე.
მზია ამაღლობელმა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, მიიღო უპრეცედენტო მხარდაჭერა და აღიარება. სახაროვის პრემია და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მინიჭებული ჯილდოები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დემოკრატიული მსოფლიო ხედავს მის ბრძოლას და მკაფიოდ განასხვავებს ერთმანეთისგან მოძალადე რეჟიმს და თავისუფლებისთვის მებრძოლ ჟურნალისტს.
მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, მის ოჯახსა და “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” გუნდს და თითოეულ დამოუკიდებელ ჟურნალისტს. ხელისუფლების არცერთ უკანონო გადაწყვეტილებასა და რეპრესიულ ნაბიჯს არ ძალუძს გატეხოს ის ღირებულებები, რომლებსაც მზია და დამოუკიდებელი ქართული მედია ემსახურება.
სოლიდარობა მზიას!” – წერს მედიის ადვოკატირების კოალიცია.









