26 აგვისტოს, თესალონიკში ქართველმა პატიმარმა ემიგრანტმა სიცოცხლე საკანში სუიციდით დაასრულა. ის პატიმრობაში მეგობარი ქალის მკვლელობის გამო მოხვდა – ამ შემზარავ ფაქტზე ემიგრანტთა საინფორმაციო პლატფორმა თესალონიკში საქართველოს გენერალური კონსულის ნოდარ კომახიძის ინტერვიუს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ბერძნულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 23 აგვისტოს საქართველოს მოქალაქემ, 48 წლის მამაკაცმა, საკუთარი პარტნიორი, 55 წლის ქალი დანით მოკლა. უახლესი ცნობებით კი, დაკავებულმა თესალონიკის დაკავების იზოლატორში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. რას გვეტყვით ყველაფერ აღნიშნულთან დაკავშირებით?
თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, მე შევხვდი თესალონიკის უშიშროების სამმართველოს უფროსს ანტონიოს ძიძისს და თესალონიკის პოლიციის უფროსს, ხრისტოს ბულუბასის. შეხვედრაზე მე უშუალოდ მათგან მივიღე დეტალური ინფორმაცია მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
– რა დეტალები შეგიძლიათ გვითხრათ ამ გახმაურებული მკვლელობის შესახებ?
– 2021 წლის 23 აგვისტოს მკვლელობაში ბრალდებული საცხოვრებელ ბინაში თავს თავის პარტნიორ ქალს დაესხა და დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. აფექტის მდგომარეობაში ის დანით თავადაც იყენებდა თვითდაზიანებებს ხელის არეში. შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.
მომხდარი ფაქტის შემდეგ საბერძნეთის პოლიცია ბრალდებულს 7 საათის განმავლობაში ეძებდა. დღის ბოლოს კი ის თესალონიკის სანაპიროზე დააკავეს. პოლიციაში მიყვანის შემდეგ მას ჭრილობები დაუმუშავეს. 24 აგვისტოს, ბრალდებულს ექსპერტიზა ჩაუტარდა, სადაც კიდევ ერთხელ მოხდა თვითდაზიანებით მიყენებული ჭრილობების დამუშავება და სახვევების დადება.
დროებითი დაკავების იზოლატორში ბრალდებული ცალკე საკანში მოათავსეს, რადგან მას ახლო კონტაქტი კოვიდ ინფიცირებულთან ჰქონდა. ბრალდებულს COVID-19-ზე ტესტიც ჩაუტარდა.
დღეს (26 აგვისტო) 07:15 საათზე, პოლიციის მიერ განხორციელებული შემოვლის დროს, მკვლელობაში ბრალდებული ცოცხალი იყო, ხოლო 15 წუთში, განმეორებითი შემოვლის დროს, ბრალდებული პოლიციას უკვე გარდაცვლილი დახვდა. მან ხელზე არსებული სახვევებით თავი მოიკლა.
პოლიციის მიერ საკანში აღმოჩენილ იქნა ბრალდებულის მიერ დედისა და ძმის სახელზე, ქართულ ენაზე დაწერილი წერილი.
– დაუკავშირდა თუ არა გენერალური საკონსულო გარდაცვლილების ოჯახის წევრებს?
– თესალონიკში საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა გარდაცვლილების ოჯახის წევრებთან. პირველ რიგში, გენერალური საკონსულოს სახელით, მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახის წევრებსა და ემიგრანტებს. იმედს გამოვთქვამ, რომ ასეთ ტრაგიკულ და მძიმე შემთხვევას ადგილი აღარასოდეს ექნება.