იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობამ გაიზიარა ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მოწოდება და გუმათჰესთან რკინის ბარიკადები უკვე მოხსნილია.
“ჩვენ გადავდგით ქმედითი ნაბიჯები, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია. აქედან გამომდინარე, პირველი, ჩვენი მხრიდან რა ვალდებულებაც იყო აღებული – ბარიერების მოსსნა, ბარიერები უკვე მოხსნილია. დარწმუნებული ვარ, მეორე მხარე, რომელმაც ასევე აიღო ვალდებულება, რომ ხეობაში შესვლისას ის დაიცავს კანონს, არ შეზღუდავს ჩვენი თანამოქალაქეების გადაადგილების უფლებას, არ იქნება ხელყოფილი კერძო საკუთრება და არ იქნება გადაკეტილი გზები,“ – განაცხადა შალამბერიძემ.
მისივე განმარტებით, რიონის ხეობაში დარჩება იმდენი სამართალდამცველი, რამდენიც საჭირო იქნება ვითარებიდან გამომდინარე.
“რიონის ხეობაში არაპროპორციული ძალა, რა თქმა უნდა, არ დარჩება. ჩვენ დავაკვირდებით მოვლენებს და იმდენი სამართალდამცავი იქნება ხეობაში, რამდენიც საჭირო იქნება სიტუაციიდან გამომდინარე,“ – განაცხადა შალამბერიძემ.
ცნობისთვის, ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობას ეწინააღმდეგება, 230 დღეზე მეტია აქციებს მართავს. ისინი ჰესის მშენებელი კომპანია “ენკას” მიერ რიონის ხეობის დატოვებას ითხოვენ. პროტესტის მონაწილეები თვლიან, რომ ჰესი ხეობას დააზარალებს. გასულ კვირას ხელისუფლებასა და პროტესტის მონაწილეებს შორის ევროკავშირის ჩართულობით, მოლაპარაკების პროცესი დაიწყო.