გავრილოვის სისხლიანი ღამიდან 2 წლის შემდეგ, რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია წელსაც მოვლენების ეპიცენტრი იქნება. დღეს, 20 ივნისს, ორი წლის წინ, აქციაზე დაზარალებულები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას გამართავენ.
“არა ოკუპანტის ამნისტიას” – აქცია 18:00 საათზეა ჩანიშნული და ცნობილი ხდება, რომ პროტესტს სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.
ჩვენ არ ვეგუებით ოკუპაციას, არ ვეგუებით კოლაბორაციონიზმს და არ ვეგუებით ამნისტიას, რომელიც არის ოკუპაციისა და კოლაბორაციონიზმის გაგრძელება. ამიტომ, მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ვინც ხართ 20 ივნისის აქტივისტები, ვისაც გსურთ, რომ კიდევ ერთხელ გავაგონოთ ჩვენი ხმა კოლაბორაციონისტებსა და ოკუპანტებს, შევიკრიბოთ რუსთაველზე, – ამბობს აქტივისტი და 20 ივნისის ერთ-ერთი დაზარალებული ირაკლი ფავლენიშვილი.
მანამდე კი, დედაქალაქის ქუჩებში საპროტესტო წარწერები გამოჩნდა – არა ოკუპანტის ამნისტიას.
ცნობისთვის, 20 ივნისის ამნისტიის კანონი, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ნაწილია, პარლამენტში “ოცნებისა” და ოპოზიციის წარმომადგენლებმა ცალ-ცალკე დააინიცირეს. პარლამენტმა ამნისტიის შესახებ “ოცნების” კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო.










