ქუთაისის მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიმართ გაგზავნილი მუქარის შემცველი ტექსტების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
როგორც შსს-ში ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს განუცხადეს პოლიციაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) ჯგუფურად; ბ) არაერთგზის; გ) დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან არასრულწლოვნის მიმართ, −ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
დღეს ტელეკომპანია “მეგა ტვ”-ს მესამე საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მშობელმა აცნობა რომ სკოლის სამმა მოსწავლემ მუქარის შემცველი წერილები მიიღეს. მათგან ორი მე-6, ერთი კი მე-9 კლასელია.
როგორც მიმოწერდიან ჩანს ბავშვებს უცნობი პირი “Facebook User”-ის სახელით წერს.