საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 18.1 პროცენტით გაძვირდა. ამის შესახებ ირკვევა საქსტატის ინფლაციის ივლისის ანგარიშიდან. ეს პროდუქტები გაძვირებულია ბოლო 30 დღის განმავლობაშიც 1.1 პროცენტით.
ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზეც: ზეთი და ცხიმი (48%), ბოსტნეული და ბაღჩეული (35.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.1%), რძე, ყველი და კვერცხი (15.4%), პური და პურპროდუქტები (12.4%), თევზეული (11.5%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (5.3 პროცენტი).
საქართელოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყანაში ივლისის ინფლაციის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. 2021 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 11.9 პროცენტი შეადგინა.
2021 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით, შაქრის საერთაშორისო ფასი 4.0%-ით შემცირდა, თუმცა 2020 წლის მარტის ნიშნულს შაქრის მსოფლიო ფასი 30%-ით აღემატებოდა. შაქრის საერთაშორისო ფასის ზრდა წლის დასაწყისშიც დაფიქსირდა. FAO-ს შაქრის ფასების ინდექსი 2021 წლის იანვარში, 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, 8.1%-ით გაიზარდა.