“ყველა ბავშვს აქვს უფლება, რომ არ იყოს სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი. სახელმწიფოს როლია, რომ დაიცვას ეს გარანტია” – ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ნინოწმინდის ბავშვთა სახლში მიმდინარე პროცესებს.
ელჩის თქმით, დეინსტიტუციონალიზაციის საკითხი, რაზეც საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მთავრობასთან ერთად 2005 წლიდან მუშაობენ, დღესდღეობით საყურადღებოა და საჭიროა, ამ მიმართულებით დამატებითი ნაბიჯები გადაიდგას.
“რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ სამწუხარო ამბავს ყურადღება მიექცეს, ყველა ბავშვს აქვს უფლება, რომ არ იყოს სასტიკი მოპყრობისა და ძალადობის მსხვერპლი. სახელმწიფოს როლია, რომ დაიცვას ეს გარანტია და ამას უნდა ელოდებოდეს ყველა ამ საქმესთან დაკავშირებითაც. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ მნიშვნელოვანია, ბავშვების კეთილდღეობის საკითხი მუდმივი ყურადღების ქვეშ დარჩეს. დეინსტიტუციონალიზაცია ხანგრძლივი სამიზნე იყო. ჩვენ ვმუშაობდით მთავრობასთან და “იუნისეფთან” ერთად ამ მიზნისთვის 2005 წლის შემდეგ. ახლანდელი სიტუაცია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიფიქროთ, დროა თუ არა, გადაიდგას დამატებითი ნაბიჯები ამ მიმართულებით. აბსოლუტურად ფუნდამენტურია, რომ სახალხო დამცველს ჰქონდეს შესაძლებლობა, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და მონიტორინგი აწარმოოს”,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.