გუშინ ერთი პაციენტი, ქალბატონი გადმოვიყვანეთ თერაპიულ განყოფილებაში, რომელიც ყველაზე მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ლევან რატიანის განცხადებით, ქალბატონს, რომელიც თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს შაქრიანი დიაბეტი აქვს ყველა გართულებით, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
„რეანიმაციულ განყოფილებაში არის ექვსი პაციენტი. გუშინ ერთი პაციენტი, ქალბატონი გადმოვიყვანეთ თერაპიულ განყოფილებაში, რომელიც ყველაზე მძიმე იყო და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მას აქვს შაქრიანი დიაბეტი, ყველა გართულებით. ამ ეტაპზე, ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია, შეესაბამება მის ქრონიკულ მდგომარეობას. რამდენიმე დღეში, ქალბატონი კლინიკიდან გაეწერება“, – განაცხადა რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსი 593 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 223 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.