13 სექტემბერს, საღამოს, მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ახალგაზრდა გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მყოფი სამი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და თხრილში ჩავარდა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპნენ ნათია კვინტრაძე და მარიამ იმერლიშვილი, სამი დაშავებული კი კლინიკებშია გადაყვანილი.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
როგორც ცნობილია გოგონები ქორწილში იყვნენ და იქიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს საშინელი ავარია მოხდა. დაღუპული გოგონები ერთმანეთის მეგობრები არიან. კონკრეტულად რა გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ.
გარდაცვლილების ახლობლები და მეგობრები შოკში არიან.
“წეროვნის დასახლებასთან, დიდ ტრიალ მინდორზე არის რესტორანი “შუაგული”. როგორც ვიცი, იქ იყვნენ და თბილისში ბრუნდებოდნენ. ძალიან მიხვეულ-მოხვეული გზებია. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცით. შესაძლოა, გზა აებნათ და მანქანა თხრილში გადავარდა. ვინც საჭესთან იჯდა, ისიც დაიღუპა. ქორწილიდან მოდიოდნენ, მხიარულება გლოვად და უბედურებად იქცა”, – ამბობს გარდაცვლილების ერთ-ერთი ახლობელი.
ქართული სპორტის ქომაგების ფეისბუქგვერდზეც გამოქვეყნდა ნათია კვინტრაძის გამოსათხოვარი წერილი:
“ ყველაზე მძიმე დღე დაგვიდგა… ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, დავკარგეთ ჩვენთვის უძვირფასესი და უსაყვარლესი ადამიანი. სიტყვები ვერ გამოხატავს ჩვენ მწუხარებას. უამრავი მოგონება, სითბო და სიყვარული დაგვიტოვა გულში და თვითონ გაგვიფრინდა. ძალიან, ძალიან გვიყვარხარ ჩვენო ლამაზო გოგო”.









