ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, რომელიც ტექნოლოგიურ ჰაბად უნდა გადაკეთდეს, წვეულება გაიმართება – IT ჰაბის გახსნის ღონისძიებაში 515 008 ლარი დაიხარჯება. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ ხელშეკრულება ტენდერის გარეშე პირდაპირი შესყიდვით გააფორმა შპს „ვანილა ივენთთან“.
ამ თანხით დამკვეთი ითხოვს „კრეატიული კონცეფციის“ განხორციელებას:
- დრონების შოუ – 200 დრონისგან 8-10 ვიზუალით, 10-15-წუთიანი;
- „ვიდეოკონტენტის კონცეფციის, სცენარისა და სტორიბორდის მომზადება“;
- „ვიდეორგოლების გადაღება და პოსტპროდაქშენი“;
- „სპიკერების გამოსვლების ტექსტების სტრუქტურისა და სცენარის მომზადება“;
- „ღონისძიების სრული შოუ-სცენარის წუთობრივი შემუშავება“;
- „ღონისძიების ტექნიკური და ვიზუალური რეჟისურა“;
- „ღონისძიების ვიდეოგადაღება და შემდგომი ვიდეომასალის მომზადება“;
- „სინქრონული თარგმანი 50 ყურსასმენით“;
- „პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაციის უზრუნველყოფა (პირდაპირი ტრანსლაცია სოციალურ ქსელში)“;
- „შემსყიდველთან შეთანხმებით მაღალი სტანდარტის ფურშეტი არანაკლებ 400 ადამიანზე“.
ღონისძიება 20 ივლისს, 15:00 საათზე უნდა გაიმართოს.
საქართველოს მთავრობა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნას ჯერ კიდევ 2025 წლისთვის აპირებდა. ამისთვის ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი გამოყო. IT ჰაბის მოწყობის იდეა „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინამორბედს, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნოდა.
პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში წლებია უფუნქციოდაა. გამჭვირვალე შენობა ქუთაისში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა.
ამ შენობაში სრულყოფილად მხოლოდ 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა იმუშავა, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა გააგრძელა მხოლოდ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში.










