ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას ქუთაისში გულშემატკივარი სპორტის სასახლეში ადევნებდა თვალს. საქართველოს ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ კი, ქუთაისისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო ზეიმი დაიწყო. ჩვენი ნაკრების მერვედფინალში გადასვლას, ქუთაისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს სიმღერით, სიგნალებით, საყვირებითა და აპლოდისმენტებით ულოცავდა.
2:0 – საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედ-ფინალშია! ჯგუფური ეტაპიდან გასვლა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან – პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვებით მოიპოვა.
ანგარიში მატჩის პირველივე წუთებზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მეორე ტაიმში კი გიორგი მიქუატაძის პენალტით საქართველო ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა.
დაძაბული თამაში კვლავ გამოირჩეოდა მეკარის – გიორგი მამარდაშვილის სეივებით. პირველი გოლის ავტორი ხვიჩა კვარაცხელია კი გუშინდელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე ორდღიანი შესვენება გამოცხადდა. 30 ივლისს კი საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩი ჩვენი დროით, 23:00 საათზე დაიწყება.










