ქუთაისთან სიახლოვე შეიძლება, დადებით ფაქტორად ჩაითვალოს, თუმცა, გარკვეულწილად, შემაფერხებელიც იყოს“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას წყალტუბოს განვითარების ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, თეონა ქობულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მოსახლეობა ყოველდღიური საჭიროებებისა თუ პროდუქციის რეალიზაციისთვის წყალტუბოს ნაცვლად ზოგიერთ შემთხვევაში, ქუთაისს ირჩევს, რაც მუნიციპალიტეტს საკუთარი შიდა პოტენციალის ათვისებაში გარკვეულ ბარიერებს უქმნის.
როგორც თეონა ქობულაძე აცხადებს, ეს განპირობებულია იმით, რომ წყალტუბოს ცენტრიდან დაშორებულ სოფლებს უფრო მარტივი დაკავშირებადობა ზოგიერთ შემთხვევაში ქუთაისთან აქვთ, რასაც შესაბამისი ორგანოების მხრიდან, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს.
„წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 42 სოფელი შედის და მათგან საკმაოდ დიდი ნაწილი მაღალმთიან ზონაში მდებარეობს. გარკვეულ გამოწვევას წარმოადგენს ამ სოფლების უშუალოდ წყალტუბოს ცენტრთან დაკავშირება.
ძირითადად, ისინი პირდაპირ ქუთაისს უკავშირდებიან, როგორც საყოფაცხოვრებო სერვისების მისაღებად, ისე ადგილობრივი ნაწარმის რეალიზაციისთვის, რადგან ქუთაისში, ბუნებრივია, გასაღების უფრო დიდი ბაზარია. ამ თვალსაზრისით, გარკვეული გეოგრაფიული გამოწვევის წინაშე ვდგავართ.
თავის მხრივ, ქუთაისთან სიახლოვე შეიძლება დიდ დადებით ფაქტორადაც ჩაითვალოს, რადგან დიდ ქალაქთან მარტივი კავშირი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრებისთვის კომფორტული და სასარგებლოა, თუმცა, გარკვეულწილად, შესაძლოა, შემაფერხებელიც იყოს.
გეოგრაფიულად წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ძალიან გაშლილია და სამ ზონად იყოფა. ე.წ. ქვედა ზონა, სადაც ძირითადად მესათბურეობას მისდევენ, წყალტუბოზე უფრო მოხერხებულად, პირდაპირ ქუთაისს უკავშირდება. ამ სოფლების მაცხოვრებლები და ფერმერები მოყვანილი პროდუქციის გასაღების ძირითად არეალს სწორედ ქუთაისში ხედავენ.
რაც შეეხება ქუთაისის მეორე მხარეს არსებულ სოფლებს, მათ შორის მაღალმთიან დასახლებებს, მათაც ანალოგიურად მარტივი კავშირი აქვთ ქუთაისთან. ყოველდღიური საყოფაცხოვრებო მომსახურების მისაღებადაც ისინი უფრო ქუთაისს მიმართავენ, ვიდრე წყალტუბოს.
აქედან გამომდინარე, ასეთი მრავალფეროვანი გეოგრაფიული ლანდშაფტის ფონზე, საკმაოდ რთულია, წყალტუბო, გარდა იმისა, რომ თავად არის კურორტი და ადმინისტრაციული ცენტრი, ამდენ სოფელს ეფექტურად გაწვდეს.
ეს ფაქტორი რომ არ არსებობდეს, შესაძლებელი იქნებოდა ადმინისტრაციულ ცენტრში, წყალტუბოში აკუმულირებულიყო ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ნაწარმის რეალიზება.
ეს ასევე ხელს შეუწყობდა ტურისტების მეტად დაინტერესებას წყალტუბოთი, არამხოლოდ როგორც სამკურნალო და სპა-კურორტით, არამედ იმ პოტენციალით, რაც აგროტურიზმსა თუ სათავგადასავლო ტურიზმს უკავშირდება. მით უმეტეს, რომ ხვამლის მთის კომპლექსი ჩვენს არეალში ექცევა და საცხენოსნო თუ სხვა მიმართულებების განვითარება ძალიან საინტერესო იქნებოდა.
თუმცა, ადგილობრივი ბიუჯეტის მოცულობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ერთბაშად მოწესრიგდეს ყველაფერი. იქნება ეს ინფრასტრუქტურა თუ დასუფთავების სერვისების ეფექტური მიწოდება.
შესაბამისად, ამ დიდ დისტანციაზე დაშორებულ სოფლებში გარკვეული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ ხორციელდება.
აუცილებელია, ცენტრიდან დაშორებული სოფლების განვითარებას მეტი ყურადღება დაეთმოს და ეს მიმართულება პრიორიტეტული გახდეს. ეს ჩვენს მიერ შემუშავებულ სტრატეგიაშიცაა გაწერილი“, – განაცხადა თეონა ქობულაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“.










