ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე, სადაც 9 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა გზა გაიხსნა – ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ავრცელებს.
მათი ცნობით, გეოლოგთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად, მეწყრულ მონაკვეთზე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, ახალი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ტერასები მოეწყო (ჯამურად 10 ტერასა ქვის ჩანართებით), რაც ფერდის სიმყარეს უზრუნველყოფს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა.
„აღნიშნულ მონაკვეთზე თებერვლის თვეში ჩამოვიდა დიდი რაოდენობით ზვავი, რომელმაც გამოიწვია გზის ჩაკეტვა. სამუშაოები მიმდინარეობდა უწყვეტ რეჟიმში, ორი კვირის განმავლობაში და ახორციელებდა, გეოლოგების მითითებით და დასკვნით, საგზაო დეპარტამენტის კონტრაქტორი კომპანია. დღეის მდგომარეობით გზა გამავალია და ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტს შეუძლია გადაადგილება“,- განაცხადა მხარის რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ.
მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 47-ე კმ-ზე, ქვა-ღორღიანი მასა თებერვალში ჩამოიშალა, რამაც აღნიშნული გზის ჩაკეტვა გამოიწვია. დაზიანებული იყო ელექტროგადამცემი სადენები, რის გამოც სოფლებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში მოსახლეობა ალტერნატიული/შემოვლითი გზით სარგებლობდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ “მეგა ტვ”-სთვის მოწოდებული ინფორმაციით გზაზე 80 ათასი კუბური მეტრის მასა იყო ჩამოწოლილი.
მეწყრული პროცესები დიდ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. მოუწესირგებელი გზა კი მათ ცხოვრებას ართულებს. როგორც რიონის ხეობის მოსახლეობა ამბობ 40 წელია ნამოხვანჰესის გამო მათთან გზა არ კეთდება.










