ქუთაისის ბიუჯეტი 3 მილიონ 200 ათასი ლარით იზრდება, ამის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
როგორც მერიის მუნიციპალური და საბინაო ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ანტონ ჩიხლაძემ განმარტა, თანხას რეგიონალური განვითარების ფონდის გამოყოფს. გაზრდილი ბიუჯეტი ინფრასტრუქტურულ მიმართულებას მოხმარდება.
საუბარია 11 პროექტზე, რომელიც, მისივე თქმით, მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა.
ამ თანხით შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები უნდა განხორციელდეს:
ტყიბულის ქუჩის მე-6 ჩიხის საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა;
დავით და კონსტანტინეს ქუჩის პირველი შესახვევის გზის და კედლის რეაბილიტაცია;
კიბულის ქუჩის ბოლო მონაკვეთიდან, მწვანეყვავილას ქუჩის გავლით სანიაღვრე ქსელის მოწყობა;
ზ. გამსახურდიას გამზირის #17 ბინის ფასადის რეაბილიტაცია;
#35 სკოლასთან მისასვლელი გზის მშენებლობა;
ნიკო მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე სანიაღვრე არხის კალაპოტის, არხის გასწვრივ ტროტუარისა და გამწვანების მოწყობა;
მესხიშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია;
ლიფტების რეაბილიტაცია;
ანტონ კათალოკოსის ქუჩის ღვარსადენის ქსელის რეაბილიტაცია;
ახალგაზრდობის მე-7 შესახვევის ბოლო მონაკვეთის საგზაო ინფრასტრუქტურა;
გორკის ქუჩის #18-თან საყრდენი კედლის მოწყობა;
როგორც მერიაში განმარტავენ, აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად ტენდერებს უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ, შემდეგ კი სამშენებლო სამუშაოები დაიწყება.
“მაქსიმალურად ვეცდებით, რომ წლის ბოლომდე დავასრულოთ ეს პროექტები”,- განმარტა ანტონ ჩიხლაძემ.
სამუშაოებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.










