ჩვენ პირველებმა დავიწყეთ „პლაქველინის“ გამოყენება და ამ პრეპარატის გამოყენებას წინ უძღოდა ტელეხიდი ჩინელებთან. მათთან გასაუბრებისას გამოვლინდა, რომ „პლაქველინით“ მკურნალობის შედეგები ყველაზე კარგი იყო. ჩვენმა ხელმძღვანელმაც გადაწყვიტა, რომ თავიდანვე გამოგვეყენებინა „პლაქველინი“ და პირველი დღეებიდანვე, პირველივე პაციენტებიდანვე ჩვენ ვიყენებთ „პლაქველინს“- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში პრეპარატის მარაგი, რომლითაც კორონავირუსით ინფიცირებულებთან მკურნალობა ტარდება, საკმარისია.
„შედეგებზე ლაპარაკი ამ ეტაპზე ჯერ ძალიან ძნელია, მაგრამ მომავალში გამოჩნდება. კვლევებს თავისი ხასიათი აქვს, იქ უნდა ჩატარდეს სპეციალიზირებული კვლევები, რათა შეადაროთ ორი ჯგუფი ერთმანეთს „პლაქველინით“ მკურნალობაში მყოფი და „პლაქველინის“ გარეშე მკურნალობაში მყოფი. მაგრამ ჯერჯერობით, ჩინელების გამოცდილებას ვემხრობით და სხვა ქვეყნებიც იყენებენ. ქვეყანაში, როგორც მე ვიცი, ამჟამად არსებულ პაციენტებზე ნამდვილად საკმარისია მარაგი და მომავალში იგეგმება შემოტანა ამ პრეპარატის“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.