ქარხნის ყოფილი მუშა, COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მსოფლიოში ყველაზე გულუხვი დონორია, – ამ სათაურით აქვეყნებს The Telegraph-ი სტატიას, სადაც სტატიის ავტორი, გამოცემის ასოცირებული რედაქტორი კამილა ტომინეი წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი – ქართველი ბიზნესმენი და ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 2012-2013 წლებში, COVID-19-თან ბრძოლაში სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი დონორია.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მიუხედავად სხვა შემომწირველების თანხის ოდენობებისა, ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მსხვილი წვლილის შემტანი არის მილიარდერი. სტატიაში ნათქვამია, რომ 64 წლის მაგნატმა, რომლის ქონება საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედს შეადგენს, 30 მილიონი დოლარის ოდენობის შეწირულობა გაიღო, რაც 3,9 მილიონიანი მოსახლეობის ქვეყნაში სულ მოსახლეზე 7.51 დოლარს შეადგენს.
ავტორის თქმით, ხსენებულ სიაში, CIA World Factbook-ის ერთ სულ მოსახლეზე გათვლებისა და შენატანების შესახებ Forbes-ის მონაცემების თანახმად, მეორე ადგილზეა ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტი, მეტსახელად Twiggy, რომელმაც გაიღო 25,5 მილიონი დოლარი, ანუ 3,93 დოლარი სულ მოსახლეზე. მესამე ადგილზეა Twitter-ის დამფუძნებელი ჯეკ დორსი, რომლის მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანი აშშ-ის სულ მოსახლეზე 3,01 დოლარია.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ისინი არიან მილიარდერები, რომლებმაც ქონების ტოლფასი სახსრები გაიღეს მსოფლიოში COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად.
ambebi.ge