უკრაინული გამოცემა detective-info ავრცელებს ოდესის აეროპორტში გადაღებულ ფოტოს, სადაც მინისკიდან დეპორტირებული ქართველი „კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე, იგივე ლავას ოღლი არის ასახული.
„კანონიერი ქურდი“ აეროპორტში საკუთარი ბარგით ზის და როგორც უკრაინული გამოცემა წერს, მესაზღვრეების გადაწყვეტილებას ელოდება.
detective-info-ის ცნობით, მინდია გორაძე უკან, ბელარუსში უნდა გაეძევებინათ, სადაც ის რამდენიმე თვის განმავლობაში წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, როგორც არალეგალი.
უკრაინული გაოცემა წერს, რომ მინდია გორაძემ ოდესის აეროპორტში დებოში ატეხა და ვენების გადაჭრით იმუქრებოდა, თუ მას კვლავ მინსკში გაადეპორტებდნენ.
მან შეგნებულად გამოიწვია ხმაური და შეხლა-შემოხლა, რის შემდეგაც ოდესა-მინისკის ავიარეისზე, უსაფრთოების ზომებიდან გამომდინარე, აღარ აიყვანეს.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკრანული მხარე მინდია გორაძის ქვეყნიდან გაძევების შესახებ, ჯერჯერობით უცნობია. მისი ადვოკატი, გელა ნიკოლეიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ლავას ოღლი ბოლო მონაცემებით უკრაინის ტერიტორიაზე რჩება.
39 წლის მინდია გორაძეს, რომელსაც კრიმინალურ წრეებში ლავას ოღლის სახელით იცნობენ, საქართველოში დაუსწრებლად 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის სწორედ ქართული მხარის მოთხოვნით თურქეთში იყო დაკავებული და რამდენიმე თვე ტრაპზონის იზოლატორში იმყოფებოდა, თუმცა ვადის ამოწურვის შემდეგ ქართველი „კანონიერი ქურდი“ საქართველოს ნაცვლად ბელარუსში გაუშვეს, სადაც ის მინსკის აეროპორტშივე დააკავეს.
ბელარუსის იზოლატორში ლავას ოღლიმ კიდევ რამდენიმე თვე დაჰყო, რის შემდეგაც ის ამჯერად ოდესაში გაადეპორტეს. ახლა უკრაინელი სამართალდამცველები მსჯელობენ, რა მოუხერხონ მინდია გორაძეს. უახლოეს დღეებში გაირკვევა, გადმოსცემენ თუ არა მას საქართველოს.