“უმძიმეს სამუშაოებს ასრულებდა, მაგრამ ვერაფერი დააგროვა გარდა სიყვარულისა” – ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ზვიად ბაღდავაძე თავის ფეისბუკ გვერდზე ჭიათურის მაღაროში დაღუპულ მუშაზე წერს და პარალელს ავლებს ბერა ივანიშვილთან:
“დღეს ჩემ სოფელში დავკრძალეთ 29 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჭიათურის მაღაროში ტრაგიკულად დაიღუპა. დატოვა ფეხმძიმე ცოლი და პატარა შვილი, უსახლოდ, უსახსროდ. მთელი ცხოვრება უმძიმეს სამუშაოებს ასრულებდა, მაგრამ ვერაფერი დააგროვა გარდა სიყვარულისა.
კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს.
თქვენ კი ეს ამბავი იმიტომ გითხარით რომ აბა თუ იცნობთ ისეთ ქართველს, რომელსაც მძიმე შრომით შეუძლია 20 წლის ასაკში დააგროვოს მილიონი დოლარი და მერე ბრაზილიას გადაურიცხოს?
კარგია ქველმოქმედება, ღმერთული საქციელია. შენ სამშობლოში კი ბავშვები მშიერი იხოცებიან.” – წერს ქუთაისის მერობის ყოფილი კანდიდატი ზვიად ბაღდავაძე თავის ფეისბუკ გვერდზე.
შეგახსენებთ ჭიათურის მაღაროში 29 წლის გაგა ბოჭორიშვილი გარდაიცვალა. მას ორსული მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ახალგაზრდა ბიჭი ჭიათურაში სამუშაოდ წყალტუბოდან იყო წასული.