სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ – სანებართვო საქმიანობის სახეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობა ემატება.
“ქართული ოცნების” დეპუტატების ინიციატივით, პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტი წარედგინა, რომლითაც საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზების წესები და პირობები განისაზღვრება.
საერთაშორისო აზარტულ ტურნირად სამორინეს მიერ მოწყობილი აზარტული ტურნირი მიიჩნევა, რომლის საპრიზო ფონდი წინასწარ გარანტირებულია და მონაწილეთა არანაკლებ 70 პროცენტს უცხო ქვეყნის მოქალაქეები შეადგენენ.
საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობა დასაშვები იქნება, როგორც სამორინეს ნებართვით ორგანიზებულ ობიექტზე, ისე მის გარეთ, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
პროექტის თანახმად, თუ საერთაშორისო აზარტული ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება და კლუბის მაგიდა მხოლოდ აღნიშნული ტურნირის ჩასატარებლად გამოიყენება, ორგანიზატორი თავისუფლდება კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან და უფლებამოსილია შემოსავალი ტურნირის ჩატარების შედეგად მიიღოს.
კანონის პროექტის თანახმად, სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმა 50 000 ლარი იქნება, ხოლო არაუფლებამოსილი პირის მიერ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ორგანიზება – 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
საერთაშორისო აზარტული ტურნირის მოწყობისთვის განისაზღვრება ყოველწლიური სანებართვო მოსაკრებელი 100 000 ლარის ოდენობით.
საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები ქართული ოცნების დეპუტატები: – შოთა ბერეკაშვილი, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი ბარვენაშვილი არიან.










