გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, უკანონო თევზჭერის 423 ფაქტი გამოვლინდა. მათგან 172 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი – 139 ფაქტი გამოვლინდა მცხეთა-მთიანეთში. იმერეთში დაფიქსირდა 94 სამართალდარღვევა. 44 ფაქტია გამოვლენილი ქვემო ქართლში, კახეთში – 29, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 27, აჭარაში – 17, გურიაში – 11, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში – 6, შიდა ქართლში – 3, სამცხე-ჯავახეთში – 1.
ასევე, 43 ფაქტია აღკვეთილი დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების მიერ. სამართალდარღვევები დაფიქსირდა დედაქალაქშიც – ბოლო 4 თვეში თბილისში უკანონო თევზჭერის 9 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს ელექტროშოკური მოწყობილობით თევზჭერის 15, სახლართი ტიპის ბადით – 223, ე.წ. ჩოგან-ბადით-15, „ფაცერით“ – 12, „გოდორ-ყურით“ – 7 და ფეთქებადი მოწყობილობის გამოყენებით, უკანონო თევზჭერის 1 ფაქტი. დალუქულია 6 ერთეული გასაბერი ნავი.
მიმდინარე წელს ჯამში ამოღებულია 2600 მეტრზე მეტი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, 200 მეტრზე მეტი სიგრძის თოკზე მობმული ნემსკავი და 40 ერთეულზე მეტი თევზმახე – ე.წ. ოჩხი,14 ერთეულზე მეტი თევზსაჭერი ე.წ. ფაცერი, 8 „გოდორყურე“. პრევენციული ღონისძიებები გატარებულია მდინარეებზე – მტკვარი, ჭოროხი,კაპარჭინა, სუფსა, ალაზანი. ასევე, ლაშთანის ტბაზე, ჟინვალისა და სიონის წყალსაცავებზე, თბილისის ზღვაზე