მართლმადიდებელი ეკლესია 6 ოქტომბერს აღნიშნავს მუცლადღებას პატიოსნისა და დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესი და ასევე იხსენიებს ღირსთა ქსანთიპას და პოლიქსენიას, მოწამეთა: ანდრიას, იოანეს და ძეთა იოანესთა – პეტრეს და ანტონინეს.
მუცლადღება პატიოსნისა, დიდებულისა, წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი
ჰეროდე მეფის ზეობისას ჰურიასტანში ცხოვრობდნენ მღვდელმსახური ზაქარია და ცოლი მისი ელისაბედი. მათ ღვთის ნებით, მხცოვანებას ისე მიაღწიეს, რომ შვილი არ მისცემიათ. მწუხარებით გულდამძიმებულნი, მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს წყალობის თვალით გადმოეხედა მათთვის. და აი, ერთხელ, ზაქარია ტაძარში შევიდა საკმევლის საკმევად და საკურთხევლის მარჯვნივ მდგომი გაბრიელ მთავარანგელოზი იხილა. იგი შეძრწუნდა, მაგრამ ანგელოზმა ნუგეშინი-სცა და ახარა, „ნუ გეშინინ, ზაქარია, რამეთუ შეისმნეს ვედრებანი შენნი, და ცოლმან შენმან ელისაბედ გიშვეს შენ ძე, და უწოდი სახელი მისი იოვანე“ (ლკ. 1,13). ზაქარია არ ერწმუნა ზეციურ მაცნეს და მემკვიდრის შობამდე უტყვება დაედო სასჯელად. მთავარანგელოზის წინასწართქმული ახდა – ბერწმა ელისაბედმა მუცლად-იღო და შვა წინამორბედი უფლისა.
ტროპარი
წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმრთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ ქრისტესა მიმართ, რაჲთა აცხოვნნეს სულნი ჩუენნი.
კონდაკი
ქადაგსა სინანულისასა, ცოდვილთა მომწოდებელსა, და გურიტსა წმიდასა, უდაბნოსა შინა მღაღადებელსა, საღმრთოსა წინამორბედსა ყოველნი ვაქებდეთ, რამეთუ ელისაბედისაგან მუცლად-იღო, და უსჯულოება ჰეროდესი ამხილა.










