დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „ტურიზმის შესახებ“ და მისგან გამომდინარე პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ – ინფორმაციას” ბიზნესპრესნიუსი” ავრცლებს.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა საკითხის წარდგენისას განმარტა, ტურიზმის სფეროში აქამდე არსებული მოძველებული საკანონმდებლო ბაზა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აყენებს, რომ ადეკვატურად უზრუნველყოს ტურისტული საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება, ტურისტთა უფლებების ეფექტიანი დაცვა და ტურისტული სერვისების გაუმჯობესება და სხვა.
მისი თქმით, ტურიზმის განვითარების მიზნით ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება განპირობებულია ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებისა და ამოცანების მოთხოვნებით, რომელთა განსახორციელებლად დაინტერესებულია საქართველო, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სრულუფლებიანი წევრი.
პროექტით განისაზღვრება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფლებამოსილებანი და ტურიზმის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნები და პრინციპები. ასევე სავალდებულო ხდება ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტით შესაძლებელი გახდება ტურისტული მომსახურების ხელშეკრულების ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას.










