გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს. 25 ნოემბრის დღის ბოლოდან 26 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოში, ასევე სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში დროგამოშვებით ძლიერი ნალექია მოსალოდნელი.
სააგენტოს ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი. გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული, მაღალმთიან რაიონებში კი ზვავსაშიშროება. შავ ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმია ნავარაუდევი.
ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის დედაქალაქში, დასავლეთის ძლიერი ქარი იქროლებს.
ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, აჭარა-გურიის მცირე მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
ასევე მოსალოდნელია გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ურბანულ დასახლებებში კი ცალკეული ტერიტორიების დატბორვა.
მთიან რაიონებში ძლიერი თოვის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის, მაღალმთიან ზონებში კი ზვავსაშიშროების გამო, შესაძლოა, საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს.









