2026 წლის მარტში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი ბინები 4.7%-ით გაძვირდა, – ამის შესახებ ირკვევა კვლევითი ორგანიზაცია „ქოლიერსის“ ბაზრის მიმოხილვიდან.
უფრო კონკრეტულად, კვლევის მიხედვით, მიმდინარე წლის მარტში დედაქალაქში 1 კვ.მ ბინის ფასი საშუალოდ 1 244 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ეს კი მაშინ, როცა 2025 წლის მარტში 1 კვ.მ-ის ფასი 1 188 დოლარს შეადგენდა.
„2026 წლის მარტში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2025 წლის მარტთან შედარებით 10.9%-ით გაიზარდა გარეუბნებში, 7.4%-ით – ფართო ცენტრში, ხოლო ქალაქის ცენტრში 0.4%-იანი კლება დაფიქსირდა, რაც გამოწვეულია ქალაქის ცენტრში შედარებით დაბალი ფასის მქონე უბნის წილის ზრდით.
ქალაქის მასშტაბით პირველადი ტრანზაქციების საშუალო შეწონილი ფასის ზრდამ 4.2% შეადგინა. მეორეულ ბაზარზე კი საშუალო შეწონილი ფასი ქალაქის მასშტაბით 3.9%-ით გაიზარდა”, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
თბილისში ბინების გაყიდვები გაიზარდა
რაც შეეხება გაყიდვებს, 2026 წლის მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 913 ერთეული შეადგინა და გასული წლის მარტთან შედარებით 30.9%-ით გაიზარდა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში დედაქალაქის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომამ კი 36.3%-ით, 321 მილიონ აშშ დოლარამდე მოიმატა.










