საჩხერეში საცურაო აუზის შენობის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტირებასა და შესაბამისი სამუშაოების განხორციელებაზე ტენდერი გამოცხადდა.
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8.320 მლნ ლარია. ტენდერში წინადადებების მიღება 19 აგვისტოს იწყება და 24 აგვისტოს სრულდება.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საჩხერის აუზის შენობა, რომლის სრული ფართობი 3 908 კვ.მ-ია, მნიშვნელოვნად დაზიანებულია.
ტექნიკურ დავალებაში ნათქვამია, რომ ობიექტის ამორტიზაციის გამო, დარღვეულია ნაგებობის ნორმალური ფუნქციონირება და უსაფრთხოება.
სატენდერო პირობების თანახმად, შენობა-ნაგებობა საჭიროებს დაზიანების მიზეზებისა და მდგომარეობის სიღრმისეულ კვლევას, რის საფუძველზეც შესაბამისი აღდგენითი ღონისძიებები დაეგეგმება.
„ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ შენობის სახურავი დაზიანებულია – შეინიშნება საფარის ცვეთა, ბზარები და ცალკეულ უბნებში გაჟონვები, რაც იწვევს ჭარბ ტენიანობას შენობის ინტერიერში. დაზიანებულია აუზის შიდა სივრცეებისა და სველი წერტილების იატაკისა და კედლების მოპირკეთება – ფილების ნაწილი ჩამოშლილია ან დაბზარულია. ასევე დაზიანებულია შეკიდული ჭერი, ფასადის ვიტრაჟები, ლითონის კონსტრუქციულ ელემენტებზე შეინიშნება კოროზია, ხოლო შიდა საინჟინრო კომუნიკაციები და სანტექნიკური სისტემები ამორტიზებულია“, – ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ამასთან, დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ დაზიანებულია წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო მოწყობილობები, მათ შორის ონკანები და შხაპის შემრევები. მწყობრიდანაა გამოსული გათბობა-გაცივების (ფანკოილები) და საუნის ელექტრო გამაცხელებელი სისტემები.
შენობაში არ არის ვიდეომეთვალყურეობის სისტემა და ფასადის განათება. შესასვლელთან არ არის მოწყობილი პანდუსები შშმ პირთათვის, ხოლო არსებული კიბეები და კერამიკული ფილები ჩამოშლილია.
საბოლოო გეგმის მიხედვით, ჩატარებული კვლევების შემდეგ, უნდა განხორციელდეს შენობის მაქსიმალური ადაპტაცია თანამედროვე უსაფრთხოებისა და მისაწვდომობის მოთხოვნებთან.










