“რუსული კანონით არ ვიცხოვრებთ!” – 2 ივნისს, ქუთაისში, აქცია-კონცერტი გაიმართება.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბებიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს ევროპულ მომავალს უჭერენ მხარ და უარს ეუბნებიან რუსულ რეჟიმს.
აქცია-კონცერტში 19:00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები: Outsider, SKAZZ, Will Kolak, Stress, See Me, Luie, გერჩი და ბაჩო ჯიქიძე მიიღებენ.
„დედაქალაქში უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ქუთაისში ყოველდღე იმართება საპროტესტო აქცია, რომელსაც ყოველდღიურად ემატებიან თვითორგანიზებული ადამიანები. საპროტესტო მსვლელობები ჩატარდა ქალაქის ყველა უბანში.
2 ივნისს, ერთი მხრივ, შევაჯამებთ ქუთაისში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს. მეორე მხრივ, ქართველი მუსიკოსები, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარსს და მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, მკაფიოდ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას მათივე საბრძოლო იარაღით – მუსიკით“,- ამბობენ აქცია-კონცერტის ორგანიზატორები.
28 მაისს, შვიდსაათიანი განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა, დაძლია „აგენტების კანონზე“ დადებული ვეტო და 84 ხმით რუსული კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. პროცესი, თბილისსა და რეგიონებში, საპროტესტო აქციებიის ფონზე წარიმართა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“ სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ, ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.










