ვლადიმერ პუტინი დასავლეთს სანქციების გამო აკრიტიკებს. რუსეთის პრეზიდენტმა რეგიონების ხელმძღვანელებთან სოციალურ-ეკონომიკური დახმარების შესახებ გამართულ თათბირზე თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ე.წ. სამხედრო ოპერაცია წარმატებულია. დასავლეთს კი ეკონომიკური სანქციებით რუსეთის სუსტ და დამოკიდებულ ქვეყნად ქცევა სურს. პუტინმა მადლობა გადაუხადა ჩეჩნეთის ლიდერს უკრაინაში მისი ჯარების გაგზავნისთვისაც. რამზან კადიროვი კი ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ნებისმიერი ბრძანების შესრულებისთვის მზადაა.
“ჩვენი ბიჭები გმირობას იჩენენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ იყოს. სამხედრო ოპერაცია უკრაინაში წარმატებულია და ის წინასწარი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ჩვენი სპეციალური ოპერაცია საბაბია დასავლეთის სანქციებისთვის.
დასავლეთის ლიდერები აღარ მალავენ ფაქტს, რომ სანქციები არ არის მიმართული ფიზიკური პირების ან კომპანიების წინააღმდეგ, მათი მიზანია დაარტყან მთელ ჩვენს შიდა ეკონომიკას, ჩვენს სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროს, ყველა ოჯახს, რუსეთის ყველა მოქალაქეს. ამ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია მილიონობით ადამიანის ცხოვრების გაუარესებისკენ აგრესიის, ეკონომიკური, პოლიტიკური და ინფორმაციული ომის ყველა ნიშანი აქვს. ჩვენ გვახსოვს, როგორ უჭერდნენ ისინი მხარს ტერორისტებსა და ბანდიტებს სამხრეთ კავკასიაში, ახლაც სურთ რუსეთი სუსტ, დამოკიდებულ ქვეყნად აქციონ. რუსეთი არასოდეს იქნება ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში.
რამზან ახმატოვიჩ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრა, რომ შენი სამხედროები, რომლებიც ჩეჩნეთიდან ოპერაციაში მონაწილეობენ, სამშობლოს წინაშე თავიანთ სამხედრო მოვალეობას უმაღლესი ღირსებით ასრულებენ,” – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
ჩეჩნეთის მეთაურმა განაცხადა, რომ მათ ეკონომიკური სანქციების არ ეშინიათ.
“ვლადიმერ ვლადიმიროვიჩ, ჩვენ არ გვეშინია ეკონომიკური სანქციების. ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ და მშვიდობას დავამყარებთ უკრაინაში, ისევე როგორც კავკასიაში, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოება. დიდი მადლობა, ჩვენ ყოველთვის შევასრულებთ ნებისმიერ ბრძანებას,” – განაცხადა კადიროვმა.