თუ ჩამოვცდებით 2000-ს, შესაძლებელია თამამად ვიფიქროთ ტრანსპორტის და კიდევ სხვა სოციალური ღონისძიებების აღდგენაზეც, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი არ განახევრდება, ტრანსპორტის მუშაობის აღდგენაზე საუბარი რთული იქნება.
“სულ მცირე სტაბილიზაცია უნდა შევინარჩუნოთ და თუ ჩამოვცდებით 2000-ს მაინც, რაც ჩვენთვის პიკი იყო გასული ტალღის პერიოდში, აპრილ-მაისში, უკვე შესაძლებელია, რომ მეტად თამამად ვიფიქროთ ტრანსპორტის აღდგენაზე და კიდევ სხვა სოციალური ღონისძიებების აღდგენაზეც.
აქაც გარკვეული დათქმებით, რადგან ისევ რეგულაციის დაცვა, ვაქცინაციის სტატუსის მეტად აქტიური მონიტორინგი და “პისიარ” ტესტირება იქნება ის პირობები რაც საშუალება მოგვცემს მეტად გავაქტიურდეთ.
ჩვენ ვერასდროს ვამბობთ 2000 თუ იქნება შეგვიძლია რაღაც გავაკეთოთ. გვესმის ისიც, რომ ეპიდემიის მიზნების გარდა არსებობს სოციალური და სხვა ბიზნეს აქტივობების მიზნები, ტრანსპორტი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია ყველა ამ მიმართულებით.
დღეს მაქსიმალურ დატვირთვაზეა ჰოსპიტალური სექტორი. ვიდრე თუნდაც დღევანდელი შემთხვევების განახევრება არ გვექნება, ძალიან რთული იქნება იმაზე საუბარი, რომ დავაბრუნოთ თუნდაც ტრანსპორტის ნორმალური მუშაობა”,– განაცხადა თამარ გაბუნიამ “პალიტრანიუსის” ეთერში.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3886 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 74 პაციენტი.