საქართველოს ტერიტორიის დიდ ნაწილს ელექტროენერგია დღეს კიდევ ერთხელ გაეთიშა. საქართველოს რამდენიმე ქალაქს, მათ შორის დედაქალაქს ელექტროენერგია რამდენიმე საათი არ მიეწოდება. ელექროენერგია გაითიშა ქვეყნის მასშტაბით 24 ივლისსაც. ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია, საზოგადოების ანწილს არ მიეწოდებოდა წყალი, დედაქალაქში გაჩერდა მეტრო, ასევე შეფერხდა სარკინიგზო გადაადგილება.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა იშვიათი, თუმცა რეალური საფრთხეა, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს ბუნებრივი კატასტროფებით, ტექნიკური ავარიებით, კიბერშეტევებით ან ენერგოსისტემის გადატვირთვით. ასეთ დროს შეფერხდება არა მხოლოდ განათება, არამედ მობილური კავშირი, ინტერნეტი, ბანკომატები, ბარათით გადახდა, საწვავის სადგურები და ზოგიერთ შემთხვევაში წყალმომარაგებაც.
სპეციალისტები ამბობენ, რომ მსგავს სიტუაციაში მთავარი პანიკის თავიდან აცილება და წინასწარი მზადყოფნაა.
1. არ აჰყვეთ პანიკას
თუ ელექტროენერგია გაითიშა, პირველ რიგში გადაამოწმეთ, პრობლემა მხოლოდ თქვენს საცხოვრებელ სახლს ეხება თუ უფრო ფართო მასშტაბისაა. ინფორმაცია გადაამოწმეთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებში.
2. ყოველთვის გქონდეთ დამუხტული Power Bank
საგანგებო სიტუაციაში მობილური ტელეფონი მთავარი საკომუნიკაციო საშუალებაა. სასურველია, სახლში ერთი ან რამდენიმე სრულად დამუხტული Power Bank ყოველთვის გქონდეთ.
3. შეინახეთ ნაღდი ფული
ელექტროენერგიის გათიშვისას ხშირად აღარ მუშაობს POS-ტერმინალები, ბანკომატები და ონლაინგადახდის სისტემები. მცირე ოდენობის ნაღდი ფული ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
4. მოამზადეთ „საგანგებო ჩანთა“
ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ, რომ ყველა ოჯახს წინასწარ ჰქონდეს მომზადებული:
- სასმელი წყალი (მინიმუმ 2–3 დღის მარაგი);
- კონსერვები და სხვა ხანგრძლივი შენახვის საკვები;
- ფანარი;
- დამატებითი ელემენტები;
- სანთლები და ასანთი;
- პირველადი დახმარების აფთიაქი;
- აუცილებელი მედიკამენტები;
- პირადი დოკუმენტების ასლები.
5. დაზოგეთ ტელეფონის ბატარეა
გათიშეთ Bluetooth, GPS და სხვა არასაჭირო ფუნქციები. ეკრანის სიკაშკაშე შეამცირეთ და ტელეფონი მხოლოდ აუცილებელი კომუნიკაციისთვის გამოიყენეთ.
6. მაცივარი რაც შეიძლება ნაკლებად გახსენით
დახურული მაცივარი პროდუქტს დაახლოებით 4 საათის განმავლობაში ინარჩუნებს, ხოლო სავსე საყინულე – 24-48 საათის განმავლობაში. კარის ხშირი გაღება სიცივის სწრაფ დაკარგვას იწვევს.
7. გამორთეთ ელექტრომოწყობილობები
ტელევიზორი, კომპიუტერი, კონდიციონერი და სხვა ტექნიკა ქსელიდან გამორთეთ. ელექტროენერგიის აღდგენისას ძაბვის მერყეობამ შესაძლოა მათი დაზიანება გამოიწვიოს.
8. არ გამოიყენოთ გენერატორი დახურულ სივრცეში
თუ გენერატორს იყენებთ, ის აუცილებლად ღია სივრცეში უნდა მუშაობდეს. დახურულ გარემოში გენერატორის გამოყენებამ შესაძლოა ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლა გამოიწვიოს.
9. დაეხმარეთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება
ხანდაზმულებს, შშმ პირებს, მარტო მცხოვრებ ადამიანებსა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს შესაძლოა დახმარება დასჭირდეთ. გადაამოწმეთ, ხომ არ სჭირდებათ წყალი, მედიკამენტები ან კავშირი ახლობლებთან.
10. იყავით ინფორმირებული
გრძელვადიანი გათიშვის შემთხვევაში ინფორმაცია მიიღეთ ოფიციალური უწყებების, ენერგოკომპანიებისა და საგანგებო სამსახურების განცხადებებიდან. მოერიდეთ სოციალურ ქსელებში გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაციის გაზიარებას.
რა შეიძლება აღარ მუშაობდეს მასშტაბური გათიშვის დროს?
ელექტროენერგიის ხანგრძლივი გათიშვისას შესაძლოა შეფერხდეს:
- მობილური კავშირი და ინტერნეტი;
- ბანკომატები და ბარათით გადახდა;
- საწვავის სადგურები;
- ლიფტები;
- შუქნიშნები;
- წყლის მიწოდება მაღალსართულიან კორპუსებში;
- მაღაზიების ნაწილი და სხვა სერვისები.
მთავარი რეკომენდაცია
მასშტაბური ელექტროგათიშვა იშვიათად ხდება, თუმცა მზადყოფნა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია. რამდენიმე მარტივი ნივთის – წყლის, ფანრის, დამუხტული Power Bank-ის, მედიკამენტებისა და მცირე ოდენობის ნაღდი ფულის – წინასწარ მომარაგება საგანგებო სიტუაციაში მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ მდგომარეობას.
როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კრიზისულ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსი არა მხოლოდ ტექნიკა, არამედ ინფორმირებულობა, სიმშვიდე და ერთმანეთის დახმარებაა.










