რა მოელის “მცენარეთა ცოცხალ მუზეუმს?” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი აქვეყნებს. პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“გამოიფინა ქუთაისის ისტორიული ბულვარის მომავალი სახის ამსახველი ბანერები. ძალზე დასაფიქრებელია, ამ პროექტის ფარგლებში რა მოელის ბულვარის მწვანე საფარს. ფოტოების მიხედვით, სავალი გზები ფართოვდება (შესაძლოა, ზოგან – ხეების გამოხშირვის ხარჯზეც?) ;ისედაც შემცირებული ფართობის ბაღში ახალი შენობა – ნაგებობები იდგმება (მაშინ, რაღა დააშავა სანაყინე “სავანემ”, რომელიც დაანგრიეს?). ორიენტაცია უნდა აღებულიყო არა საბაღე ინფრასტრუქტურის გაფართოებაზე, არამედ- უპირველესად, აქ მდგარი უნიკალური ხეების გადარჩენასა და ახალი ნარგავების გახშირებაზე, დეკორატიული ღორღით ბეტონის საფარის შეცვლაზე, ქალაქის “მთავარი მწვანე ფილტვების” მაქსიმალურად შენარჩუნებაზე.
იცით თუ არა, რომ ქუთაისის ბულვარში დღეს არსებულ მცენარეთა სახეობების მხცოვანი ასაკი გვაფიქრებინებს: დენდროფლორა ამჟამადაც თითქმის იმავე სახითაა, როგორც თავდაპირველად იყო გაშენებული. ამას ადასტურებს ისიც, რომ ახალგაზრდა ნარგავები თითქმის არ გვხვდება.მკვლევარი ბორის თვალოძე, რომელმაც პირველმა აღწერა ბულვარის დენდროფლორა, გვაუწყებს, რომ მცენარეულობა 30 ბოტანიკური ოჯახითაა წარმოდგენილი, ხოლო სახეობათა რიცხვი 51-ს აღწევს. მათი უმრავლესობა ეგზოტები და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ნიმუშია, ამდენად, ბაღი უნიკალურია და მცენარეთა ცოცხალ მუზეუმად შეიძლება ჩაითვალოს. განსაკუთრებულია იმითაც, რომ აქ სახეობათა უდიდესი ნაწილის მხოლოდ თითო ეგზემპლარია, ხოლო ერთი და იმავე სახეობის მცენარეთა რიცხვი საშუალოდ 5-ს არ აღემატება.მცენარეთა ძირითადი ნაწილი ხანდაზმულია, ამიტომ აუცილებელია მათზე განსაკუთრებული ყურადღების დაწესება და იმავე სახეობებით ბაღის გეგმაზომიერი განახლება. ეს მითუფრო ეხება ინტროდუცირებულ სახეობებს.აღსანიშნავია, რომ არ ხდება მცენარეთა ზოგიერთი სახის თვითგანახლებაც, რადგან, ჯერ ერთი, ქალაქის ცენტრში მდებარე, ხალხმრავალი ბაღი მეტად დატვირთულია, მეორეც – ბაღის მთელ ფართობზე გზა და ბილიკები მთლიანადაა დაფარული ბეტონის საფარით, რაც მეტად აუარესებს ხეების საერთო მდგომარეობას. სპეციალისტის აზრით, ფლორისათვის სასიცოცხლო პირობების შესაქმნელად საჭიროა ბეტონის საფარის მოხსნა და დეკორატიული ღორღით მისი შეცვლა.ახალი პროექტის მიხედვით კი ფოტოებზე ბეტონის საფარი აშკარად დომინირებს…
ვინ არის პასუხისმგებელი ბულვარის ხეების შენარჩუნებაზე? ვინ აკონტროლებს, ამ კუთხით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის საქმიანობას?” – წერს სოციალურ ქსელში ნანული ცხვედიანი.
მას შემდეგ რაც, “მეგა ტვ”-მ მუნიციპალური განმვითარების ფონდის მიერ, საჯარო ინფორმაციის საპასუხოდ, გადმოგზავნილი ბულვარის პროექტის ესკიზის გაავცელებამ საზოგადოებაში უკმაყოფილება გამოიწვა და გაირკვა რომ, ესკიზში ინტერნეტიდან აღებული ფოტოები იყო გამოყენებული, ქუთაისის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზეს ბაღის რეაბილატიიცს პროექტის ახალი ფოტოები გამოჩნდა.
როგორც ცნობილია, ისტორიულ ბულვარში ახალი შადრევანი, ვარდების ხეივანი და მედიათეკა ეწყობა.









