გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხვალ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, კონკრეტულად რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო მოსახლეობის დასახმარებლად.
როგორც დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის მხრიდან ზუსტ რიცხვებზე საუბარი უპასუხისმგებლო იქნებოდა მაშინ, როდესაც აღნიშნული საკითხი საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან შეთანხმებული არ იყო, რადგან „მათი დახმარების კომპონენტი მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ პარამეტრებს, თუ როგორი იქნება დახმარების პაკეტი ჩვენი მოსახლეობისთვის“.
„ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში სხვადასხვა სივრცეში. ეს იყო მედიასაშუალებები და ა.შ. მათ შორის ოპონენტები სულ საუბრობენ სოციალურ თუ ეკონომიკურ პაკეტზე. ჩვენ დავანახეთ საზოგადოებას, რომ თანმიმდევრულია ჩვენი პოლიტიკა, გადაწყვეტილებები, თითოეული ნაბიჯი კონკრეტული ლოგიკის შედეგია. ჩვენ საჭირო დროს მივაწვდით ინფორმაციას მოსახლეობას, დეტალური ინფორმაცია გაჟღერდება პრეზენტაციაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხვალ ჩაატარებს. უპასუხისმგებლო იქნებოდა ჩვენი მხრიდან საუბარი კონკრეტულ რიცხვებზე იმ დროს, როდესაც ეს რიცხვები და პარამეტრები არ იყო შეთანმხმებული საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, მსხვილ საფინანსო დონორებთან, რომლებთანაც ინტენსიური დიალოგი გვქონდა. იცით, ფაქტობრივად დღე და ღამე ფინანსთა სამინისტრო და პრემიერ-მინისტრი ხვდებოდა ვიდეო კონფერეციის რეჟიმში კოლეგებს – სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტი, რომელთა დახმარების კომპონენტი მნიშვნელოვნად განაპირობებს იმ პარამეტრებს, თუ როგორი იქნება დახმარების პაკეტი ჩვენი მოსახლეობისთვის. ამიტომ, დღეს ამაზე საუბარი ზედმეტია. ხვალ დეტალურ ინფორმაციას გავაცნობთ“,- განაცხადა დავითაშვილმა.