„იყო ძალიან საინტერესო პროცესი, იყო წინსვლაც ამ დღეების განმავლობაში, თუმცა, სამწუხაროდ, გამართლდა ის, რაზეც ვსაუბრობდით, ოპოზიციისთვის თვითმიზანი იყო შეთანხმების არმიღწევა. ეს გამოიხატა იმაში რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, ულტიმატუმები იმაშიც, რომლებიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია, ასეთი ულტიმატუმები აბსოლუტურად მიუღებელია დიალოგის პროცესში.
ჩვენ ვიცით, რომ არის ოპოზიციური სექტორი, ერთი ორი გამონაკლისის გარეშე, იმართება კიევიდან კონკრეტული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მათ შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ. ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ჩაშალეს საბოლოო ჯამში შეთანხმება. თქვენ ნახეთ მათი გაღიზიანებული სახეები და რიტორიკა, ყველამ დაინახა ის, რომ ჩამშლელი იყო ოპოზიცია. ეს არის მათი გაღიზიანების მიზეზი. ყველა პუნქტი, გარდა ერთისა და ეს პუნქტი იყო პარლამენტში შესვლა, რაც დაგვამადლეს; იყო ის პუნქტები, რაც ითვალისწინებდა „ქართული ოცნების“ მიერ რაღაცების გაკეთებას, ანუ ჩვენი პუნქტები იყო. ერთადერთი პუნქტი იყო დამადლებული შემოსვლა პარლამენტში. კონკრეტიკაზე ვერ ვსაუბრობთ, რადგან პროცესი დღეს არ დასრულებულა. შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცესი, ვნახოთ! ბუნებრივია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საბოლოოდ პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართოს“, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „ამ ხალხის, სააკაშვილის, ბოკერიას და სხვების მიზანია, რომ წააგოს სახელმწიფომ“. „მათ შორის, კონკრეტული ულტიმატუმებითაც გამოჩნდა ის, რომ სახელმწიფოს წაგება არის მათი მიზანი. ბუნებრივია, ჩვენ ამას ვერ დავუშვებდით და ეს ყველამ დაინახა. ჩვენ ვართ ხელისუფლება და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში იყოს დაცული კანონის უზენაესობა, ასევე სახელმწიფოს ინტერესები, მათ შორის იმ ძალებისგანაც, რომლებიც პირდაპირ მტრობენ სახელმიწფოს იმ ულტიმატუმებით, რომელიც აქ იყო დაყენებული. პროცესი გაგრძელდება, ჩვენ გვაქვს მჭიდრო პარტნიორება ჩვენს მეგობრებთან, საერთაშორისო პარტნირეობთან და ამ რეჟიმში გაგრძელდება ეს პროცესი. გვახსოვს ოპოზიციის გუშინდელი რიტორიკა, როდესაც ისინი შეურაცხყოფას აყენებდნენ ევროკავშირს, ევროპულ ინსტიტუტებს, ევროკომისარებს და ა.შ. დღეს გაგრძელდა ეს პროცესი და კიდევ ერთხელ გამომჟღავნდა, რომ ისინი ასეთი დამოკიდებულებით გამოირჩევიან ევროპული ინსტიტუტების მიმართ, რაც არის უპატივცემულობა. გუშინ იყო განხილული შედარებით მარტივი პუნქტები და პრინციპულად იყო ძირითად საკითხებზე შეჯერებული პოზიციები. გუშინდელი პუნქტები ვერ იქნებოდა დაბრკოლება შეთანხმების მიღწევისათვის. დღეს იყო დამატებით 2 პუნქტი განხილული და ორივე პუნქტთან დაკავშირებით მივიღეთ ისეთი ულტიმატუმები, რომელიც აჩვენებდა, რომ ოპოზიციის თვითმიზანი იყო ამ მოლაპარაკებების ჩაშლა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მოლაპარაკებებში რამდენიმე პარტია კონსტრუქციული იყო, თუმცა „ტრადიციულად დესტრუქციული პოლიტიკოსები გამოირჩეოდნენ ჩამშლელი მოქმედებებით“. ამის შესახებ კობახიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული “ქართული ოცნებისა” და ოპოზიციის ლიდერების ერთობლივი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კრიზისი არის ხელოვნური, რითაც საზოგადოება დაიღალა.
“უნდა გავმიჯნო პოლიტიკური პარტიები. იქ იყო რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომლებიც ამ მოლაპარაკებებში ძალიან კონსტრუქციულები იყვნენ, თუმცა, ტრადიციული დესტრუქციული პოლიტიკოსები აქაც გამოირჩეოდნენ ჩამშლელი და დესტრუქციული მოქმედებებით. ზოგადად, რთული ვითარებაა მსოფლიოში, რეგიონში და საქართველოში, რაც მათ შორის, დაკავშირებულია პანდემიასთან. დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი ამ პრობლემების დაძლევაზე უნდა იყოს კონცეტრირებული. ამაზე მიგვანიშნებენ არამხოლოდ ეს ელჩები, არამედ ყველა საერთაშორისო პარტნიორი. თუმცა, რას ვხედავთ, ჩვენ ამის მაგივრად, ნაცვლად იმისა, რომ დაკავებული ვიყოთ ოპოზიციასთან ერთად იმ საკითხებზე ფიქრითა და მსჯელობით, რაც ჩვენს საზოგადოებას აწუხებს, გვიწევს ამ უაზრო დაპირისპირებაში, ხელოვნურ კრიზისში რაღაცებზე საუბარი. დროს კარგავს იგივე პრემიერი ამ უაზრო პროცესებით, დროს კარგავს პარლამენტის თავმჯდომარე, დროს კარგავენ პოლიტიკოსები, ნაცვლად იმისა, რომ ყველა იყოს კონცეტრირებული ეკონომიკური, სოციალური და საგარეო საკითხების მოწესრიგებაში, დროს ვკარგავთ რაღაც უაზრობაზე. ამით დაიღალა საზოგადოება. ხელოვნური კრიზისიც კრიზია, მაგრამ ეს არის ხელოვნური. ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური კრიზისი, ყველამ დაადასტურა რომ არჩევნები იყო სამართლიანი და კონკურენტული”, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მათ ოპოზიციას ყველა მიმართულებით უამრავი რამ შესთავაზეს.
“თუმცა, ოპოზიციას ჰქონდა ულტიმატუმები, რომელიც კანონის უზენაესობის, სახელმწიფოს ინტერესებისა და ინსტიტუტების ფეხქვეშ გათელვას ითვალისწინებდა. მელიამ სახელმწიფოს პირდაპირ მიაყენა შეურაცხყოფა, როცა თქვა, რომ არ გადაიხდიდნენ და ვერ დაიჭერდნენ. დღესაც გვქონდა ანალოგიური შემთხვევა- როცა ანტისახელმწიფოებრივ ულტიმატუმს გიყენებენ, ამ სახელმწიფოზე პასუხისმგებელ პოლიტიკოსებს ამ ულტიმატუმზე პასუხის გაცემა სჭირდებათ. ხელოვნურ კრიზისებს ქვეყნისთვის ცუდი შედეგების მოტანა არ შეუძლია. რა თქმა უნდა, ამ ოპოზიციას სურს, ამ სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ. ვერცერთი ხელოვნური კრიზისით სახელმწიფოს პრობლემები ვერ დაუდგება. დღეს დასრულდა ეს კონკრეტული პროცესი, ჩვენ ხვალიდან უნდა ვიყოთ თავიდან ბოლომდე კონცეტრირებული იმ საკითხებსა და პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. ჩვენ გვაქვს სერიოზული დღის წესრიგი. ჩვენ ხვალ უნდა გადავერთოთ იმ საკითხებზე ზრუნვაზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების ძირეულ ინტერესებზეა კონცენტირებული”, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, როდის განახლდება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხის განხილვა, კობახიძის თქმით, საკითხის მოგვარების არც ერთ და არც მეორე ვერსიას არ გამორიცხავს, თუმცა, მისი პირადი აზრია, რომ მანდატები ყველა დეპუტატს შეუნარჩუნდეს.