ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ტარიკ იაზარევიჩმა განაცხადა, რომ ჯანმო COVID-19-ის ახალ “მიუ” შტამს ყურადღებით აკვირდება და შეისწავლის.
”ეს შტამი საინტერესოა, რადგან მას აქვს მუტაციები, რომლის შესწავლაც სხეულის იმუნურ რეაქციაზე მათი პოტენციური ზემოქმედების დადგენის მიზნით აუცილებელია. ჯანმოს ვირუსების ევოლუციის სამუშაო ჯგუფისთვის წარმოდგენილი მტკიცებულებები მიუთითებს იმაზე, რომ დაავადების ან ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილი იმუნიტეტი შეიძლება არ იყოს ისეთი ეფექტური ამ შტამის წინააღმდეგ”, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ ინფორმაციის დასადასტურებლად კვლევები მიმდინარეობს.
მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი “მიუ” შტამი პირველად კოლუმბიაში 2021 წლის იანვარში გამოვლინდა.
”ჯანმო ყურადღებით დააკვირდება ამ ვარიანტის ეპიდემიოლოგიურ ევოლუციას”, – აღნიშნა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.
ამჟამად მსოფლიოში “მიუ” შტამით სულ 3,7 ათასი ადამიანი დაავადდა. ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა ცენტრალური და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ასევე შეერთებულ შტატებში.
კოლუმბიაში, მიუ ვარიანტი დომინირებს და COVID-19–ის გამოვლენილი შემთხვევების 39%-ზე მეტს შეადგენს. გარდა ამისა, შტამი უკვე ნაპოვნია ევროპის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, იტალიაში, ბელგიასა და ნიდერლანდებში.










