შოვის ტრაგედიის შემდეგ, ნაპირსამაგრი სამუშაოების, სანიაღვრე სისტემების და მდინარის კალაპოტების გაწმენდის, დაზიანებული წყალსადენი სისტემების აღდგენისა და ქუთაისი-ალპანა-მამისონის სახელმწიფო გზის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 60.4 მლნ ლარი დაიხარჯა – ინფორმაცია ონის მუნიციპალიტეტის მერიამ პარლამენტის ოპოზიციონერ წევრს, თინა ბოკუჩავას სადეპუტატო კითხვის პასუხად მიაწოდა.
„როგორც საქართველოს მთავრობის, ისე მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან სტიქიის პირველივე დღიდანვე მოხდა მყისიერი რეაგირება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდა სხვადასხვა სახის სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულებამ შეადგინა 10 400 000 ლარი, მუნიციპალიტეტისთვის აღნიშნული თანხის გამოყოფა მოხდა სახელმწიფოს მიერ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ:
აღდგენილი იქნა სასოფლო გზების დაზიანებული მონაკვეთები; სოფლებში: ბარში, შარდომეთში, უწერაში, გონაში, გლოლაში, საკაოში, ლაგვანთასა და ხიდეშლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაზიანებულ სახიდე გადასასვლელებს. შეაკეთეს საცხოვრებელი სახლების სახურავის დაზიანებული მონაკვეთები. 16 ოჯახზე, რომელთა საცხოვრებელი სახლები უვარგისი იყო გაიცა ფულადი კომპენსაცია.
ასევე განხორციელდა ნაპირსამაგრების და სანიაღვრე სისტემების სამუშაოები, გაიწმინდა მდინარეების კალაპოტები. აღადგინეს დაზიანებული წყალსადენის სისტემები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხელოვნურსაფარიან სტადიონს სოფელ პატარა ღებში.
სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდა ქუთაისი-ალპანა- მამისონის სახელმწიფო გზის 117 კმ-დან 140 კმ-მდე დაზიანებული გზის რეაბილიტაცია, ხიდების რეაბილიტაცია და ახლების მშენებლობა, მდინარის კალაპოტების ფორმირება და ნაპირსამაგრების მოწყობა. აღნიშნულ სამუშაოებზე დაიხარჯა დაახლოებით 50 000 000 ლარი”, – წერია ონის მერიის მიერ გაგზავნილ პასუხში.
შეგახსენებთ, რაჭაში, კურორტ შოვში, 3 აგვისტოს, ღვარცოფის შედეგად დაკარგულ ბოლო ადამიანს, არასრულწლოვან ბიჭს, ჯერ კიდევ ეძებენ. ბოლო მონაცემებით, სტიქიიდან 41-ე დღეს, კატასტროფის ზონაში ნაპოვნია 32 ცხედარი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი, 116-ე და 240-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით და სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.









