პოლიტიკოსები ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას აფასებენ:
„მე მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, ვინც მაქსიმალურად დაიცავს ქართულ ინტერესებს და მათ შორის მმართველ პარტიას არ გვექნება მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან” ჭიდილი. ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ შექმნის იმიტომ, რომ ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა ალბათ საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვისაც“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„ნამდვილად არ მაქვს შესაძლებლობა იმ გეგმების თაობაზე ვისაუბრო, რომელიც შეიძლება გიორგი გახარიას ჰქონდეს, რომლის თაობაზეც ჩემთვის არაფერია ცნობილი. შესაბამისად, ალბათ, ეს კითხვები მას უნდა დაუსვათ. რაც შეეხება პოლიტიკურ გეგმებს, მე არ მაქვს საფუძველი განვაცხადო, რომ ვინმე ვინმესთან ერთად პოლიტიკური პარტიის შექმნას გეგმავს. ინფორმაცია არ მომეპოვება და ვერ ვისაუბრებ ამაზე. თუ გახარია აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას ან პოლიტიკური აქტივობა სხვა ფორმით განახორციელოს, ამის თაობაზე ჩვენ გვექნება ინფორმაცია და ამის მერე შესაძლებელი იქნება გავაკეთოთ შეფასებები და განცხადებები. წინასწარ ამაზე პროგნოზების გაკეთება არა მგონია აუცილებელი იყოს“ , – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„მე მივესალმები ნებისმიერი ფორმით ოპოზიციური სპექტრის გაფართოებას, რადგან დღეს ძალიან კარგად და შეუიარაღებელი თვალითაც იგრძნობა, რომ საზოგადოებაში სერიოზული დეფიციტია ჯანსაღი, კონსტრუქციული ოპოზიციური ძალების გამოჩენის. ეს არ ეხება მხოლოდ გიორგი გახარიას. ნებისმიერი ახალი ჯგუფი, რომელიც ჩაერთვება აქტიურ პოლიტიკურ ჯგუფში, ეს მხოლოდ წინ წაწევს ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი ეწევა დესტრუქციას, არ შემოდის პარლამენტში და არ ასრულებს თავის ვალდებულებას, რაც მათ დააკისრა ჩვენმა საზოგადოებამ არჩევნების გზით, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო გაჩნდა ჯანსაღი ოპოზიციის დეფიციტი ამიტომ, მე მხოლოდ შემიძლია შევაფასო, რომ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველას აქვს უფლება პოლიტიკაში ჩართვის”,- განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
“ძალიან საინტერესო საყურებელი იქნება, როგორი იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიის ლიდერის რანგში. ამბობენ, რომ მას გარკვეული საყრდენი პარლამენტში ჰყავს. ზუსტად ვინ არის მისი კადრი, არ ვიცი. გახარია ხელწამოსაკრავი ფიგურა არ იყო, მისდამი ჩემი დამოკიდებულების მიუხედავად. სერიოზული ფიგურა იყო. შეძლებს თუ არა, სერიოზული ფიგურა იყოს ოპოზიციაში, ამას დრო გვაჩვენებს, მანამდე ყველაფერი უმადური ნაცრის ქექვა იქნება”, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„პარასკევს საღამოს მე ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩნდებოდა. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია ორშაბათს შვებულებიდან გამოიყვანეს იმისათვის, რათა შეასრულოს მისია და შექმნას „ქართული ოცნება 2“. მადლობა „ქართულ ოცნებას“ ასე ყურადღებით რომ მისმენს და ასრულებს იმ დავალებებს, რომლებსაც აქედან გავცემთ.
ამ კომენტარის შემდეგ მეკითხებით, „ქართული ოცნება 2“-ის თანადამფუძნებელი ვიქნები თუ არა? რა თქმა უნდა არა,“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
“რაც უფრო მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და მით უფრო უარესია რადიკალური ოპოზიციური ძალებისთვის, რომლებიც დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული.
საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება, პოლიტიკური ძალა შექმნას და წარმოაჩინოს თავისი ხედვები პოლიტიკურ ასპარეზზე. გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, კონკურენტი იქნება, რადგან ის ამ პარტიიდანაა წასული. ჯერ თავისი პოლიტიკური გეგმების ანონსი გააკეთოს და შემდეგ ვისაუბროთ დანარჩენზე”,- აღნიშნა ბექა დავითულიანმა.
ცნობისთვის, ყოფილმა-პრემიერ მინისტრმა, გიორგიმ გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
„არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.










