ინჟინერიის დოქტორი, ლეონტინა გალდავა ამბობს, რომ საქართველოში ჰიდრო, ქარის და მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების განვითარების პერსპექტივა საკმაოდ რეალურია, თუმცა, მიიჩნევს, რომ ქარის ელექტროსადგურებისა და ჰიდროელექტროსადგურების შედარება არარაციონალურია. მისი თქმით, ენერგეტიკის განვითარება ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციას ასახავს, შესაბამისად კი ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად საჭიროა ახალი ენერგოობიექტების მშენებლობა.
ქარისა და მზის ელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგია ენერგოსისტემაში გარკვეულ ნაწილს დაიკავებს, თუმცა მარეგულირებელი სადგურების ჩანაცვლება ვერ მოხდება
ის ამბობს, რომ მომავალში, ახალი ენერგოობიექტების მშენებლობის დროს, ქარისა და მზის ელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგია ენერგოსისტემაში გარკვეულ ნაწილს დაიკავებს, თუმცა მარეგულირებელი სადგურების ჩანაცვლება ვერ მოხდება.
გალდავას განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით წარმოებული ელექტროენერგიის რაოდენობა უნდა აკმაყოფილებდეს ელექტროენერგიის მოხმარებას და ხელს უწყობდეს ეკონომიკურ ზრდას, რადგან მშპ-ს და ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ურთიერთდაკავშირებულია. ის კვლევებზე დაყრდნობით ამბობს, რომ მშპ-სა და ელექტროენერგიის ზრდის ურთიერთდამოკიდებულება შენარჩუნდება, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში დროთა განმავლობაში ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის მაჩვენებელი ნელ-ნელა კლების ტენდენციისკენ იხრება:
გერმანიის ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი თითქმის 3-ჯერ აღემატება იგივე მაჩვენებელს საქართველოში ანუ ჩვენთან ენერგოობიექტების რაოდენობა უდა გაიზარდოს
“2013 წელს საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებულმა ელექტროენერგიის რაოდენობამ შეადგინა 2 459,75 კვტ.სთ, გერმანიაში ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა 1 968 წელს. ამავე დროს შვეიცარიაში ამ მაჩვენებელმა მიაღწია – 3 852,19, დიდ ბრიტანეთში – 3 762,59 და ისლანდიაში – 2 992,73. დღესდღეობით კი გერმანიის ერთ სულ მოსახლეზე ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი თითქმის 3-ჯერ აღემატება იგივე მაჩვენებელს საქართველოში. საკმაოდ შთამბეჭდავი რიცხვებია და აშკარად მიგვანიშნებს, რომ საქართველოში ენერგოობიექტების რაოდენობა უნდა გაიზარდოს”.
მან განმარტა, რომ ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან ნათლად ჩანს ქვეყნის ეკონომიკისა და ელექტროენერგიის მოხმარების ურთიერთდამოკიდებულება. შესაბამისად, მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის სჭირდება ელექტროენერგიის წარმოებისა და მოხმარების გაზრდა, ენერგეტიკული სექტორის აქტიური განვითარება:
“ანალიზი გვიჩვენებს, რომ მხოლოდ ქარზე, მზეზე და ჩამონადენზე მომუშავე მცირე ჰიდროელექტროსადგურების ენერგია ქვეყნის ენერგეტიკულ სტაბილურობას ვერ განაპირობებს, საჭიროა საბაზისო სადგურები ანუ თბოელექტროსადგურები და წყალსაცავიანი ჰესები. გერმანიისგან განსხვავებით, ამ ეტაპზე საქართველოში ჰესების სხვა ენერგოობიექტებით ჩანაცვლების საკითხი არ დგას, რადგან ელექტროენერგიის დეფიციტია“.
ის განმარტავს, რომ ზოგადად თბოელექტროსადგურს, ატომურ ელექტროსადგურსა და წყალსაცავიან ჰესს შეუძლია ელექტროენერგიის გამომუშავება დაგეგმილ რეჟიმში. მისი თქმით, ასეთი სადგურების სიმძლავრე ექვემდებარება რეგულირებას და შესაძლებელია მათი მიბმა ელექტროენერგიის მოხმარების გრაფიკზე მაშინ, როდესაც ქარისა და მზის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის დაგეგმვა შეუძლებელია:
“აქ არ ვგულისხმობ მზის ბატარეების ინდივიდუალურ მოხმარებას და ა.შ. ცნობილია, რომ ქარის ენერგია ცვალებადია და არ არის მისაღები საბაზისო სიმძლავრის დასაკმაყოფილებლად. თუმცა, არის გამონაკლისი შემთხვევებიც, როდესაც ქარის მიერ გამომუშავებულ ელექტროენერგიაზეა მიბმული ჰიდრომააკუმულირებელი სადგურები ანუ კვლავაც ჰესი”.
ჩრდილოეთის ზღვა და შავი ზღვა განსხვავდება ერთმანეთისგან. მარტივად რომ ვთქვათ, „ქარიც სხვანაირი იქნება“, მისი ინტენსივობა და სხვა პარამეტრებიც
გალდავას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში (შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარეს) ელექტროენერგიის 40% და დანიაში – 49% ქარის ელექტროსადგურებითაა წარმოებული, ამ ორი ადგილის გეოგრაფიულ განლაგებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან იქაური მეტეოროლოგიური პირობები მკვეთრად განსხვავდება საქართველოსგან:
“ჩრდილოეთის ზღვა და შავი ზღვა განსხვავდება ერთმანეთისგან. მარტივად რომ ვთქვათ, „ქარიც სხვანაირი იქნება“, მისი ინტენსივობა და სხვა პარამეტრებიც. თითოეულმა ქვეყანამ უნდა გამოიყენოს ის რესურსი, რაც გააჩნია.
მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ქვეყნის ეკონომიკურ სიტუაციას ასახავს, შესაბამისად კი ქვეყნის ეკონომიკის განსავითარებლად საჭიროა ახალი ენერგოობიექტების მშენებლობა
მსოფლიოში დღესდღეობით პროცენტულად კვლავაც ძალიან მცირეა ქარზე და მზეზე მომუშავე ელექტროსადგურები. განვითარებული ქვეყნები ცდილობენ ნელ-ნელა ჩაანაცვლონ ენერგოობიექტები განახლებადებზე. საქართველოსთვის კი დღეს ენერგოობიექტების მაქსიმალური განვითარებაა აუცილებელი. მას ეკონომიკური განვითარებისთვის ელექტროენერგიის წარმოების და მოხმარების გაზრდა, ენერგეტიკული სექტორის აქტიური განვითარება სჭირდება”.
ჩვენს შეკითხვას, რა ჯდება დაახლოებით ერთი ისეთი დიდი ჰიდროელექტროსადგურის აშენება, როგორიც ხუდონია და შესაძლებელია თუ არა ალტერნატიული წყაროებიდან იმავე რაოდენობის ენერგიის (ქარი, მზე) იმავე თანხებით წარმოება, ის პასუხობს, რომ ხუდონის სხვა ალტერნატიულ პროექტებთან შედარება შეუძლებელია, რადგან მასში გათვალისწინებულია წყალსაცავი, რომელიც ორიენტირებულია ზამთრის დეფიციტის შევსებაზე და ის ექვემდებარება რეგულირებას:
“ხუდონჰესის სიმძლავრე შეადგენს 700 მგვტ-ს, მსოფლიოში უმსხვილესი მზის ელექტროსადგურის სიმძლავრე კი დაახლოებით 400-ს. ხუდონის ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 1,2 მილიარდ დოლარს, ზემოაღნიშნული მზის ელექტროსადგურის სამშენებლო ღირებულება 2,2 მილიარდ დოლარს. ხუდონის წყალსაცავის სარკის ზედაპირის ფართობი 5,2 კმ²-ა, აღნიშნული მზის ელექტროსადგურის მიერ დაკავებული ტერიტორია კი 14,2 კმ²-ია. მგონი, ყველაფერი ნათელია. თან არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი – საქართველოს და მოჰავეს უდაბნოს (პროექტის განლაგების ადგილი) კლიმატური პირობები არის ძალიან განსხვავებული”.
ჩვენს შეკითხვას, კლიმატისა და ეკოსისტემის ცვლილება, ტერიტორიის დატბორვა, სვანეთის შემთხვევაში, მოსახლეობის გადასახლება – ამ რისკებისა და შედეგების გათვალისწინებით, რამდენად სწორია აღნიშნული ჰესების აშენება, გალდავა პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში არჩევანი ქვეყნის განვითარებასა და არგანვითარებას შორის დგება და აღნიშნავს, რომ თითოეული ობიექტის მშენებლობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა მოხდეს სათანადო კვლევების ჩატარება ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. პროექტის გარემოზე ზეგავლენა შეძლებისდაგვარად მინიმალური უნდა იყოს, მშენებლობა და ოპერირება კი უსაფრთხო.
ქარის ელექტროსადგურები გამოსცემს დაბალი სიხშირის ინფრაბგერებს, რაც ადამიანის ყურისთვის არააღქმადია, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე
ის ასევე განმარტავს, რომ ქარის ელექტროსადგურებსაც აქვს უარყოფითი მხარეები: ასეთი ენერგია ცვალებადია და არ არის მისაღები საბაზისო სიმძლავრის დასაკმაყოფილებლად. ამასთან, მისი უარყოფითი ზეგავლენა ძალზე საგრძნობია არამარტო ცხოველებსა და ფრინველებზე, არამედ მოსახლეობაზეც კი:
“ქარის ელექტროსადგურები გამოსცემს დაბალი სიხშირის ინფრაბგერებს, რაც ადამიანის ყურისთვის არააღქმადია, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ასევე იღუპება ძალიან ბევრი ფრინველი”.
რაც შეეხება მწვანე ალტერნატივის წარმომადგენლის მიერ ხუდონთან და ნენსკრასთან მიმართებით დასახელებულ ტარიფებს, გალდავამ განგვიმარტა, რომ ტარიფი განპირობებულია და მომავალშიც იქნება დამოკიდებული ახალ სიმძლავრეებზე, რომლებიც შემოვა სისტემაში, გამომუშავებული ელექტროენერგიის რაოდენობაზე და ის ხელს უნდა უწყობდეს ელექტროენერგიის ბაზრის არსებობას და შემდგომ განვითარებას. კონკრეტულ ციფრებს რაც შეეხება, მან გვითხრა, რომ ხუდონის აშენების შემთხვევაში, ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების გათვლის ზემოაღნიშნული მეთოდი მისთვის უცნობია.
ძველი ჰესების პერიოდული რეაბილიტაცია აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ მათი რეაბილიტაცია არასაკმარისია
რაც შეეხება დღეს საქართველოში არსებულ ჰესებს, რომელთა გაწმენდასა და სრულფასოვნად ამუშავებაზე ჰესების აშენების მოწინააღმდეგეები აპელირებენ, გალდავამ აგვიხსნა, რომ ძველი ჰესების რეაბილიტაცია არ იქნება საკმარისი:
“ძველი ჰესების პერიოდული რეაბილიტაცია აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ მათი რეაბილიტაცია არასაკმარისია. მომავალი 15-20 წლის განმავლობაში ეკონომიკური განვითარების და შესაბამისად ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის პირობებში, საქართველოს დაახლოებით 2-ჯერ მეტი ელექტროენერგიის წარმოება დასჭირდება, მხოლოდ ძველი ჰესების რეაბილიტაცია კი საკმარისი არ იქნება. გარდა ამისა, ნებისმიერი ენერგოობიექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გაჩერება ავტომატურად ქმნის იმპორტის საჭიროებას”.










