პროკურატურამ გომისმთაზე სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლების კიდევ 7 ფაქტი გამოავლინა. განცხადებას საგამოძიებო უწყება ავრცელებს.
პროკურატურის ცნობით, 7-ვე ბრალდებულებს მითვისებული ქონებები ჩამოერთვათ და სახელმწიფოს დაუბრუნდა.
საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაში, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ შვიდი ფაქტი გამოავლინა. თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 7 პირს წარედგინა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები თითქოსდა 2007 წლამდე დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთებს თვითნებურად ფლობდნენ.
აღნიშნულის საფუძველზე, ბრალდებულები თაღლითურად დაეუფლნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთაში მდებარე 7, ჯამში 1 548 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რითაც სახელმწიფოს 334 049 ლარის დიდი ოდენობით ზიანი მიაყენეს.
დღემდე, დაბა გომისმთაში და დაბა ბახმაროში სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია 51 პირის მიმართ და სახელმწიფოს 1 620 299 ლარის ღირებულების უძრავი ქონება დაუბრუნდა, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.










